არმაზი (ღვთაება)
From Wikipedia, the free encyclopedia
არმაზი — იბერიის სამეფოს უზენაესი წარმართული ღვთაება.
„ღმერთი ღმერთთა არმაზ..., ...ღმერთნი დიდნი, სოფლის მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წჳიმისა მომცემელნი და ქუეყნისა ნაშობთა გამომზრდელნი...[1]“ | |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არმაზი. |
არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება (ძვ. წ. III ს.), რომელსაც გარედან უსესხია იგი. მოქცევაჲ ქართლისაჲ-ში აღნიშნულია:
„აჰა, დგა კაციერთი სპილენძისაჲ და ტანსა მისსა ეცუა ჯაჭჳ ოქროჲსაჲ, და ჩაფხუტი ოქროჲსაჲ, და სამჴარნიესხნეს ფრცხილი და ბივრიტი, და ჴელსა მისსა აქუნდა ჴრმალი ლესული, რომელი ბრწყინვიდადა იქცევოდა ჴელსა შინა, რეცა თუ რომელი შეეხებინ, თავი თჳსი სიკუდიდ განიწიროს.“ | |
([2]) |
კერპი მცხეთაში იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქმდა.