ბაგრატიონთა დინასტიის ბიბლიური წარმომავლობის მტკიცებულება
From Wikipedia, the free encyclopedia
ბაგრატიონთა დინასტიის ბიბლიური წარმომავლობა — ლეგენდა, რომლის თანახმად ბაგრატიონთა ქართული სამეფო დინასტია ებრაული წარმომავლობის იყო და მისი ერთ-ერთი წინაპარი იყო ისრაელის მეფე დავით წინასწარმეტყველი. მას შემდეგ, რაც ბაგრატიონებმა ქართლში სამეფო ხელისუფლება აღადგინეს, ლეგენდა ოფიციალურ პარადიგმად გადაიქცა, რამაც დინასტიას არნახული ლეგიტიმაცია შესძინა. ქართულ რეალობაში ჩამოყალიბებული ლეგენდა გავრცელდა მეზობელ — სომხეთში და ბიზანტიაშიც — რაც დასტურდება იოანე დრასხანაკერტელის და კონსტანტინე პორფიროგენეტის ნაშრომებით, სადაც ისინი აშოტ I დიდს და მის მემკვიდრეებს ღვთის შთამომავლებს უწოდებენ. ქართულ ისტორიულ ტრადიციაში, ლეგენდა წერილობითი სახით, პირველად IX საუკუნის გიორგი მერჩულეს — „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“-ში გვხვდება. ბაგრატიონთა დინასტიის აღმასვლასთან ერთად ლეგენდა სულ უფრო დახვეწილ სახეს იღებს, რაც კარგად აისახა XI საუკუნის სუმბატ დავითის ძის ქრონიკაში. დინასტიის ეფექტური პოლიტიკური იდეოლოგიის საფუძველზე ბაგრატიონებმა შეძლეს საქართველოში მთელი ათასწლეულის განმავლობაში ძალაუფლების შენარჩნება. დავითის ხაზიდან შეთავაზებულმა წარმოშობამ ბაგრატიონებს საშუალება მისცა პრეტენზია განეცხადებინათ იესო ქრისტესთან და ქალწულ მარიამთან ნათესაური კავშირის შესახებ და თავისი ლეგიტიმურობა განემტკიცებინათ დიდგვაროვანი ღვთის-ცხებულის ბიბლიური არქეტიპით.[1][2][3]
ებრაულიდან ან დავითის ხაზიდან ბაგრატიონთა წარმოშობის ლეგენდა თანამედროვე მეცნიერების მიერ ნდობით არ სარგებლობს. ოჯახის წარმოშობა სადავოა, მაგრამ გაბატონებულია მოსაზრება ისეთი ისტორიკოსების მიერ ჩამოყალიბებული, როგორებიც არიან ექვთიმე თაყაიშვილი და კირილ თუმანოვი, იმის შესახებ, რომ ქართული დინასტია წარმოიშვა ბაგრატუნების სომხური სახლის დევნილი უფლისწულიდან.[4][5]