ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენცია (ასევე ცნობილი, როგორც ბიომრავალფეროვნების კონვენცია) ― მრავალმხრივი ხელშეკრულება. კონვენციას სამი მთავარი მიზანი აქვს: ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენება და გენეტიკური რესურსების გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი და თანასწორი განაწილება. კონვენცია მიზნად ისახავს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაციისა და მდგრადი მოხმარების ეროვნული სტრატეგიების განვითარებას და ხშირად მდგრადი განვითარების ძირითად დოკუმენტად მიიჩნევა.
ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენცია | |
---|---|
ტიპი | მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმება |
მომზადდა | 22 მაისი, 1992 |
ხელი მოეწერა | 5 ივნისი, 1992 ― 4 ივნისი, 1993 |
ადგილი | რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია, ნიუ-იორკი, აშშ |
ძალაში შევიდა | 29 დეკემბერი, 1993 |
ხელი მოაწერეს | 196 |
მეანაბრე | გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი |
ენები | არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული, ესპანური |
კონვენცია ხელმოსაწერად 1992 წლის 5 ივნისს გაიხსნა რიო-დე-ჟანეიროში, დედამიწის სამიტზე და ძალაში შვიდა მომდევნო წლის 29 დეკემბერს. ამერიკის შეერთებული შტატები გაეროს ერთადერთი წევრი სახელმწიფოა, რომელსაც კონვენცია არ აქვს რატიფიცირებული.[1] კონვენციის ორი დამატებითი შეთანხმებაა კარტახენის ოქმი და ნაგოიის ოქმი.
„კარტახენის ოქმი ბიოუსაფრთხოების შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც ერთი ქვეყნიდან მეორეში თანამედროვე ბიოტექენოლოგიებიდან გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების მოძრაობას არეგულირებს. ოქმი 2000 წლის 29 იანვარს მომზადდა, როგორც ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის დამატებითი შეთანხმება და 2003 წლის 11 სექტემბერს შევიდა ძალაში.
„ნაგოიის ოქმი გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობისა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი და თანაბარი განაწილების შესახებ“ ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის კიდევ ერთი დამატებითი შეთანხმებაა. ოქმი გამჭვირვალე იურიდიული ჩარჩოა ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის სამიდან ერთ-ერთი მიზნის ეფექტიანი განხორციელებისთვის. ნაგოიის ოქმი2010 წლის 29 ოქტომბერს მომზადდა იაპონიის ქალაქ ნაგოიაში და 2014 წლის 12 ოქტომბერს შევიდა ძალაში.
2010 წელი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო წელი იყო და ფოკუსის წერტილი ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის სამდივნოზე იყო მოქცეული. 2010 წლის დეკემბერში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ხელმომწერთა რეკომენდაციით, გაერომ 2011-2020 წლები გაეროს ბიომრავალფეროვნების დეკადად გამოაცხადა. 2010 წელს შეიქმნა კონვენციის ბიომრავალფეროვნების სტრატეგიული გეგმა 2011-2020, რომელიც აიტის ბიომრავალფეროვნების სამიზნეებსაც მოიცავს.
კონვენციის ხელმომწერი მხარეების შეხვედრები ცნობილია როგორც მხარეთა კონფერენციები. მხარეთა პირველი კონფერენცია 1994 წელს ნასაუში, ბაჰამის კუნძულებზე გაიმართა, ხოლო ბოლო, მე-15 კონფერენცია ― კუნმინში, ჩინეთში.