დიოკლეტიანე
From Wikipedia, the free encyclopedia
დიოკლეტიანე (ლათ. Gaius Aurelius Valerius Diocletianus Augustus გაიუს ავრელიუს ვალერიუს დიოკლეტიანუს ავგუსტუსი), დაბადებისას დიოკლესი (დ. 22 დეკემბერი, 244 — გ. 3 დეკემბერი, 311)[4][9][კომ. 2] — რომის იმპერატორი 284–305 წლებში.
დიოკლეტიანე | |
---|---|
Caesar Gaius Aurelius Valerius Diocletianus Augustus[1] | |
დიოკლეტიანეს ბიუსტი სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმიდან | |
რომის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 20 ნოემბერი, 284[კომ. 1] |
მმართ. დასასრული: | 1 მაისი, 305 |
წინამორბედი: | კარინუსი |
მემკვიდრე: | კონსტანციუს I ქლორუსი და გალერიუსი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 22 დეკემბერი, 244[3] |
დაბ. ადგილი: | სალონა (ამჟამინდელი სოლინი, ხორვატია) |
გარდ. თარიღი: | 3 დეკემბერი, 311 (66 წლის)[4][კომ. 2] |
გარდ. ადგილი: | ასპალატოსი (ამჟამინდელი სპლიტი, ხორვატია) |
დაკრძ. ადგილი: | დიოკლეტიანეს ასპალტოსის სასახლე. მისი სამარხი, მოგვიანებით, ქრისტიანულ ეკლესიად გადააკეთეს, რომელიც დღემდე დგას სასახლის ტერიტორიაზე. |
მეუღლე: | პრისკა |
შვილები: | ვალერია |
დალმაციაში, დაბალი სოციალური სტატუსის ოჯახში დაბადებულმა დიოკლეტიანემ წარმატებებს სამხედრო საქმეში მიაღწია და იმპერატორ კარუსის დროს ცხენოსანი ჯარის სარდალიც გახდა. კარუსისა და მისი ვაჟის, ნუმერიანეს სპარსეთის კამპანიისას გარდაცვალების შემდეგ, დიოკლეტიანე იმპერატორად გამოაცხადეს. ტიტულზე პრეტენზიას მის გარდა კარუსის კიდევ ერთი ვაჟი, კარინუსი აცხადებდა, თუმცა დიოკლეტიანემ შეძლო მისი დამარცხება მარგუსის ბრძოლაში. მისმა მმართველობამ წესრიგი და სტაბილურობა დაამყარა იმპერიაში და წერტილი დაუსვა მესამე საუკუნის კრიზისს. 286 წელს დიოკლეტიანემ მაქსიმიანეს ავგუსტუსის ტიტული უბოძა და თანაიმპერატორად გამოაცხადა.
293 წლის 1 მარტს მან კიდევ უფრო ფართოდ გაანაწილა საიმპერატორო ძალაუფლება და გალერიუსი და კონსტანციუსი კეისრებად, უმცროს თანაიმპერატორებად დანიშნა. ამ ტეტრარქიის, „ოთხის მმართველობის“, პირობებში, თითოეულ იმპერატორს იმპერიის მეოთხედი უნდა ემართა. დიოკლეტიანემ უზრუნველყო იმპერიის საზღვრების უსაფრთხოება და ის თავისი ძალაუფლებისათვის საფრთხისშემცველი ყველა ძალისაგან გაწმინდა. 285-299 წლებს შორის პერიოდში მოწყობილი რამდენიმე კამპანიისას დაამარცხა სარმატები და კარპები, 288 წელს — ალემანები და 297-298 წლებში — უზურპატორები ეგვიპტეში. გალერიუსმა, მისი მხარდაჭერით, წარმატებით ილაშქრა სასანიანთა სპარსეთის, იმპერიის ტრადიციული მტრის წინააღმდეგ და 299 წელს მისი დედაქალაქი, ქტესიფონიც აიღო. დიოკლეტიანე მეთაურობდა შემდგომში წარმოებულ მოლაპარაკებებს და შეძლო გრძელვადიანი და ხელსაყრელი მშვიდობის მიღწევა.
დიოკლეტიანემ ერთმანეთისაგან გამოყო და გააფართოვა იმპერიის სამოქალაქო და სამხედრო სამსახურები, გადაახალისა პროვინციული დაყოფა და შექმნა ქვეყნის ისტორიაში უდიდესი და ყველაზე ბიუროკრატიული მთავრობა. მან დააარსა ახალი ადმინისტრაციული ცენტრები ნიკომედიაში, მედიოლანუმში, ანტიოქიასა და ტრირში, რომლებიც უფრო ახლოს მდებარეობდნენ იმპერიის საზღვრებთან, ვიდრე ტრადიციული დედაქალაქი რომი. მესამე საუკუნის ტენდენციებზე დაფუძნებით მან აბსოლუტიზმი დაამყარა, საკუთარი თავი თვითმპყრობლად აქცია და იმპერიის მასებისაგან აღამაღლა მისალმების შთამბეჭდავი ფორმებითა და არქიტექტურით. სამხედრო და ბიუროკრატიული აპარატის ზრდამ, გამუდმებულმა ლაშქრობებმა და სამშენებლო პროექტებმა აუცილებელი გახადა ყოვლისმომცველი საგადასახადო რეფორმის გატარება. სულ ცოტა 297 წლიდან საიმპერატორო საგადასახადო სისტემა გახდა სტანდარტიზებული და უფრო მიუკერძოებელი.
თუმცა დიოკლეტიანეს ყველა გეგმა როდი იყო წარმატებული: 301 წელს მის მიერ გამოცემული მაქსიმალური ფასების ედიქტი, რომელიც ფასების კონტროლის მეშვეობით ინფლაციის შემცირებას ისახავდა მიზნად, კონტრპროდუქტიული გამოდგა და მალევე მიივიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ზეობისას ეფექტიანი იყო, დიოკლეტიანეს ტეტრარქიული სისტემა მისი გადადგომის შემდეგ დაიშალა მაქსიმიანესა და კონსტანციუსის შვილების, მაქსენციუსისა და კონსტანტინეს დინასტიური პრეტენზიების პირობებში. დიოკლეტიანეს დევნამ (303-311 წწ.), იმპერიაში ქრისტიანების უკანასკნელმა და ყველაზე სისხლიანმა დევნამ, ვერ შეძლო ქვეყნის ქრისტიანული საზოგადოების განადგურება, პირიქით, 324 წლის შემდეგ, პირველი ქრისტიანი იმპერატორის, კონსტანტინეს მმართველობისას, ის იმპერიის პრივილეგირებული რელიგია გახდა.
წარუმატებლობებისა და გამოწვევების მიუხედავად, დიოკლეტიანეს რეფორმებმა საფუძვლიანად შეცვალა რომის იმპერიული მთავრობის სტრუქტურა და დაეხმარა იმპერიის სტაბილურობას ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით, რამაც სახელმწიფოს საშუალება მისცა არსებითად უცვლელად ეარსება კიდევ ასი წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ დიოკლეტიანეს ახალგაზრდობაში იმპერია დაშლის პირას იყო მისული. ავადმყოფობით დასუსტებული დიოკლეტიანე 305 წლის 1 მაისს იმპერატორის თანამდებობიდან გადადგა და გახდა რომის პირველი იმპერატორი, რომელმაც ნებაყოფლობით დათმო პოსტი. გადადგომის შემდეგ იგი დალმაციის სანაპიროზე მდებარე თავის სასახლეში ცხოვრობდა, სადაც ბოსტნის მოვლით იყო დაკავებული. მისი სასახლე თანდათან დღევანდელ ხორვატიაში მდებარე ქალაქ სპლიტის ბირთვად იქცა.