კათოლიციზმი საქართველოში
From Wikipedia, the free encyclopedia
კათოლიციზმი საქართველოში ან კათოლიკე ეკლესია საქართველოში — რომის კათოლიკური ეკლესიის ნაწილი საქართველოში. ქვეყანაში კათოლიკეთა რაოდენობა დაახლოებით 19,2 ათას ადამიანს (მოსახლეობის 0,5%) შეადგენს.[1] კათოლიკური ტაძრები და საკრებულოები მოქმედებს თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, კახეთში, სამცხეში (უდე, არალი, აბასთუმანი, ახალციხე). კათოლიკეებმა ღირსშესანიშნავი კვალი დაამჩნიეს ქართულ კულტურას, მათი მეურვეობით რომში დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნები: ქართულ-იტალიური ლექსიკონი, ქართული ენის გრამატიკა, ლორეტას ლიტურგია. მათ პირველებმა ჩაწერეს ქართული ზღაპრები, შეადგინეს ქვეყნის სხვადასხვაგვარი აღწერილობა და სხვ.