კოფი ანანი
გაეროს რიგით მე-7 გენერალური მდივანი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში / From Wikipedia, the free encyclopedia
კოფი ატა ანანი (ინგლ. Kofi Atta Annan; დ. 8 აპრილი, 1938, კუმასი, ოქროს ნაპირი — გ. 18 აგვისტო, 2018, ბერნი, შვეიცარია) — განელი დიპლომატი და გაეროს რიგით მეშვიდე გენერალური მდივანი 1997-2006 წლებში. ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი (2001). ანანი და გაერო 2001 წელს ერთობლივად გახდნენ ნობელის პრემიის ლაურეატები. ყოფილი გენერალური მდივანი გახლდათ „კოფი ანანის ფონდისა“ და საერთაშორისო უხუცესთა საბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც ნელსონ მანდელამ დააარსა.
კოფი ანანი | |
გაეროს გენერალური მდივანი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი, 1997 – 31 დეკემბერი, 2006 | |
წინამორბედი | ბუტროს ბუტროს-გალი |
მემკვიდრე | პან გი მუნი |
დაბადებული | 8 აპრილი, 1938 კუმასი, ოქროს ნაპირი |
გარდაცვლილი | 18 აგვისტო, 2018 (80 წლის) ბერნი, შვეიცარია |
მეუღლე | ტიტი ალაკია (1965–1970) ნანე ლაგერგენი (1984–2018) |
შვილები | 3 |
რელიგია | კონფუციანელობა-ბუდიზმი |
ხელმოწერა |
ანანმა განათლება მიიღო მნიშვნელოვან და პრესტიჟულ სასწავლებლებში. მან ეკონომიკა მაკალისტერის კოლეჯში შეისწავლა; მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერისტეტში მენეჯმენტის საფუძვლებს დაეუფლა; ჟენევის უნივერსიტეტში კი საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის კურსდამთავრებული გახდა.
ანანი გაეროს 1962 წელს შეუერთდა. თავდაპირველად, მას გაეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფისის წევრის თანამდებობა ეკავა ჟენევაში. კარიერის განმავლობაში ანანი გაეროს სხვადასხვა უწყებაში, სხვადასხვა პოზიციაზე მსახურობდა, მათ შორის 1992-1996 წლებში გახლდათ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, რაც მას გაეროს სამშვიდობო ოპერაციების ზედამხედველობას ავალდებულებდა. 1996 წელს უშიშროების საბჭომ ის გენერალურ მდივნად დანიშნა, რასაც გენერალურმა ასამბლეამაც მხარი დაუჭირა. კოფი ანანი იყო პირველი გენერალური მდივანი, რომელიც აღნიშულ უმაღლეს თანამდებობაზე გაეროს შიდა სტრუქტურიდან იქნა არჩეული. ის ხელახლა, მეორე ვადით 2001 წელსაც აირჩიეს.
კოფი ანანის ხელმძღვანელობის პერიოდში გაეროს ბიუროკრატიის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა. აღნიშნულ პერიოდში, გაეროს ძალისხმევით მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაძლიერდა ბრძოლა შიდსის წინააღმდეგ, განსაკუთრებით აფრიკის კონტინენტზე. კოფი ანანი, თავისი მმართველობის პერიოდში, მნიშვნელოვანი კრიტიკის ობიექტი გახდა უშიშროების საბჭოს გაფართოების პროცესის შეფერხების გამო. თავისი ვადის ამოწურვის შემდგომ კოფი ანანმა 2007 წელს დააარსა კოფი ანანის ფონდი, რომელიც ორიენტირებული იყო საერთაშორისო განვითარებაზე. 2012 წელს არაბული გაზაფხულის პერიოდში ის სირიაში გაეროსა და არაბული ლიგის ერთობლივი წარმომადგენელი იყო, რომელიც რეგიონში კონფლიქტის გადაჭრის გზებზე მუშაობდა, მაგრამ ანანმა აღნიშნული თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც გაეროს მხრიდან კონფლიქტის მოგვარებაში მნიშვნელოვან პროგრესს ვერ მიაღწია. 2016 წლის სექტემბერში ანანი გაეროს კომისიის ხელმძღვანელად დაინიშნა, რომლის მთავარი მიზანიც მიანმარში როჰინჯების გენოციდის საკითხზე მუშაობა იყო.