მთიანი ყარაბაღის ომის ქრონოლოგია (2020)
From Wikipedia, the free encyclopedia
მთიანი ყარაბაღის ომის ქრონოლოგია ძირითადად დაფუძნებულია ომში ჩართული მხარეების განცხადებებზე. საომარი მოქმედებებისათვის დამახასიათებელია სანგრების ომი, გამოიყენება მძიმე არტილერია, სარაკეტო სისტემა, ჯავშანტექნიკა, სარაკეტო და ბალისტიკური რაკეტები და დრონები[1], განსაკუთრებით თურქული წარმოების Bayraktar TB2 და ისრაელის წარმოების დრონები. ასევე გამოიყენება კასეტური საბრძოლო მასალა, რომელიც აკრძალულია საერთაშორისო საზოგადოების უმეტესობის მიერ, მაგრამ არა სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ[2]. ბალისტიკური რაკეტების შეტევების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა განჯაში, აზერბაიჯანი, ხოლო მეორე მხრიდან სამიზნე იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ხანქენდში (სტეფანაკერტში), არაღიარებული არცახის რესპუბლიკის დედაქალაქში[3]. ჭურვები და რაკეტები ჩავარდა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, ირანში, თუმცა ამას რაიმე ზიანი არ მოჰყოლია[4][5][6], ხოლო ირანმა განაცხადა, რომ რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩავარდა ან ჩამოაგდეს ირანში[7][8][9][10]. კახეთის მხარეში ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ ასევე გამოაცხადა საქართველომ[11][12].
ხოჯავენდის დაბომბვის შემდეგ[13], არცახის ხელისუფლებამ დაიწყო მშვიდობიანი მოსახლეობის მობილიზაცია[14].
რუსეთმა განაცხადა, რომ 10 ოქტომბრის 04:00 საათიდან (მოსკოვის დროით 00:00 სთ-დან) სომხეთიც და აზერბაიჯანიც შეთანხმდნენ ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოსკოვში მიმდინარე ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად. ბრძოლა მაინც გაგრძელდა. ასევე არ გაითვალისწინეს ცეცხლის შეწყვეტის მეორე მცდელობა 17 ოქტომბრის შუაღამისას, რასაც მოჰყვა ცეცხლის შეწყვეტის მესამე მცდელობა 26 ოქტომბერს, რომელიც ასევე ჩაიშალა.
აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მეთაურებმა 2020 წლის 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რითაც ომი დასრულდა.