სოფლის მეურნეობა ტაილანდში
From Wikipedia, the free encyclopedia
ტაილანდის სოფლის მეურნეობა კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და სპეციალიზებულია და პროდუქცია საერთაშორისო ექსპორტზე გადის. ტაილანდის სოფლის მეურნეობის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურა ბრინჯია. 13 მილიონი ფერმერიდან 60%-ს[1] კულტივირებული მიწების თითქმის ნახევარზე სწორედ ბრინჯი მოჰყავს.[2] ტაილანდის მსოფლიო ბაზარზე ბრინჯის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია. 2014 წელს ბრინჯის ექსპორტმა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1.3% შეადგინა.[3] სოფლის მეურნეობა ტაილანდის მშპ-ის 9-10.5%-ს შეადგენს.[4] მოსახლეობის 40% სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ დარგებშია დასაქმებული.[5] ტაილანდელი ფერმერების დიდი ნაწილი 8 ჰექტარზე ნაკლებ მიწას ფლობს.[6]
სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თევზსა და ზღვის პროდუქტებს, ტაპიოკას, რეზინს, მარცვლეულსა და შაქარს. იზრდება ნახევარფაბრიკატების, როგორებიცაა დაკონსერვებული თინუსი, ანანასი და გაყინული კრევეტები, ექსპორტის მაჩვენებლებიც.