შალვა ნუცუბიძე
ქართველი ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, კულტურის ისტორიკოსი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე / From Wikipedia, the free encyclopedia
შალვა (ვარლამ) ისაკის ძე ნუცუბიძე (დ. 14 დეკემბერი, 1888, ფარცხანაყანევი — გ. 6 იანვარი, 1969, თბილისი) — ქართველი ფილოსოფოსი, კულტურის ისტორიკოსი, რუსთველოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მისი პრორექტორი (1920-1929), უნივერსიტეტის ფუნდამენტალური ბიბლიოთეკის დირექტორი, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).
შალვა ნუცუბიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 14 დეკემბერი, 1888(1888-12-14)[1] [2] |
დაბ. ადგილი | ფარცხანაყანევი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[3] |
გარდ. თარიღი | 6 იანვარი, 1969(1969-01-06)[3] [1] [2] (80 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი[3] |
დასაფლავებულია | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია ადფრ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | ფილოსოფოსი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე |
მუშაობის ადგილი | ლაიფციგის უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ლაიფციგის უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | ილია ფანცხავა |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი |
მეუღლე |
აგნესა ფილიპოვა ქეთევან კლიმიაშვილი |
ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი და საპატიო ნიშნის ორდენი |
სწავლობდა პეტერბურგში, ბერლინსა და ლაიფციგში.[⇨] 1917 წელს პრივატ-დოცენტის წოდება, ხოლო 1927 წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. ხელმძღვანელობდა „პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოებასა“ და „სოციალური ფილოსოფიის შემსწავლელ წრეს“.[⇨]
1904-1911 წლებში სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბოლშევიკური ფრთის წევრი იყო. 1915 წელს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიას შეუერთდა. 1919-1921 წლებში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო ამავე პარტიიდან. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ სამშობლოში დარჩა.[⇨]
გერმანიაში მოღვაწეობისას ორიგინალურ ფილოსოფიურ მოძღვრებას, ალეთოლოგიას დაუდო სათავე.[⇨] 1930-იან წლებში ქართული ფილოსოფიის ისტორიის შესწავლას შეუდგა და ქართველოლოგიის ახალ დარგს, ქართული ფილოსოფიის ისტორიას ჩაუყარა საფუძველი.[⇨] განავითარა აღმოსავლური რენესანსის თეორია.[⇨] დაამტკიცა პეტრე იბერისა და ფსევდო-დიონისე არეოპაგელის იდენტობა, რასაც შემდეგში ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია ეწოდა.[⇨]
ფლობდა ბერძნულ, ლათინურ, გერმანულ, რუსულ და ფრანგულ ენებს.[4] მის მიერ 1937-1940 წლებში რუსულ ენაზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ ერთ-ერთ საუკეთესო თარგმანადაა მიჩნეული.[5][⇨]