ადამიანის სექსუალობა
From Wikipedia, the free encyclopedia
ადამიანის სექსუალობა — ის, თუ როგორ გრძნობენ და გამოხატავენ საკუთარ თავს ადამიანები სექსუალურად.[1][2] ეს მოიცავს ბიოლოგიურ, ეროტიკულ, ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ემოციურ, სოციალურ და სულიერ შეგრძნებებსა და ქცევებს.[3][4]
ადამიანის სექსუალობის ნაწილია სექსუალური ორიენტაცია, რომელიც გულისხმობს სექსუალურ მიზიდულობას სხვა ადამიანების მიმართ. სექსუალობის განცდა და გამოხატვა შესაძლებელია მრავალი გზით: მათ შორის აზრებით, ფანტაზიებით, სურვილებით, რწმენით, ღირებულებებით, ქცევებით, როლებითა და ურთიერთობებით. ამან შესაძლოა გამოხატულება ჰპოვოს ბიოლოგიურ, ფიზიკურ, ემოციურ, სოციალურ და სულიერ ასპექტებში.
სექსუალობის ბიოლოგიური და ფიზიკური ასპექტები მჭიდრო კავშირშია ადამიანის რეპროდუქციულ ფუნქციასთან, მათ შორის ადამიანის საპასუხო სექსუალურ ციკლსა და ძირითად ბიოლოგიურ ინსტინქტებთან, რომლებიც ყველა სახეობაში გვხვდება. სექსუალობის ფიზიკური და ემოციური ასპექტები მოიცავს იმ ინდივიდუალურ კავშირებს, რომლებიც გამოიხატება ღრმა გრძნობებით ან სიყვარულის, ნდობისა და ზრუნვის ფიზიკური მანიფესტაციით. სოციალური ასპექტი ეხება ადამიანის სექსუალობაზე საზოგადოების გავლენას, ხოლო სპირიტუალური — ადამიანების სულიერ კავშირებს. ორმხრივი კავშირი არსებობს სექსუალობასა და ცხოვრების კულტურულ, პოლიტიკურ, ლეგალურ, ფილოსოფიურ, მორალურ, ეთიკურ და რელიგიურ ასპექტებს შორის. სექსუალური აქტივობა არის ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც კავშირშია სურვილებთან, სიამოვნებასა და სხეულის ენერგიასთან. ეს საბოლოოდ სრულდება ეროტიკული სიყვარულით, ინტიმური მეგობრობით, ადამიანური კავშირებითა და გამრავლებით.
სექსუალური კავშირებისადმი ინტერესი იზრდება, როდესაც ადამიანი აღწევს სექსუალურ სიმწიფეს. განსხვავებული აზრები არსებობს ადამიანის სექსუალური ორიენტაციისა და ქცევის წარმომავლობის შესახებ. ზოგი ამტკიცებს, რომ სექსუალობა განისაზღვრება გენეტიკურად, ზოგს სჯერა, რომ მისი ჩამოყალიბება ხდება გარემოს გავლენით, სხვების აზრით კი ადამიანის სექსუალურ ორიენტაციაზე ორივე ზემოაღნიშნული ფაქტორი მოქმედებს. ამას მივყავართ დებატებამდე „ბუნება აღზრდის წინააღდეგ“. პირველის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ადამიანის თვისებები უკავშირდება მის ბუნებრივ მემკვიდრეობას, რომელიც ინსტინქტებით გამოიხატება. ხოლო მეორე ნაწილი ემყარება იმ დაშვებას, რომ ადამიანის თვისებები მუდმივად იცვლება მის განვითარებასა და აღზრდასთან ერთად. გენეტიკური კვლევები ეფუძნება იდეას, რომ ადამიანების განსხვავებული ხასიათის ძირითადი მიზეზი ალელების (გენის ერთ-ერთი ალტერნატიული ფორმა) განსხვავებაა. ადამიანის ჰორმონების კვლევებმა აჩვენა, რომ „მოსახლეობის 10%-ს გააჩნია ქრომოსომული ვარიაცია, რომელიც განსხვავდება XX-მდედრობითი და XY-მამრობითი კატეგორიისაგან“.
ადამიანთა დაწყვილების, რეპროდუქციის, რეპროდუქციული სტრატეგიის და სოციალური სწავლების თეორიის ევოლუციური პერპექტივა გვთავაზობს სექსუალობის შესახებ კიდევ ერთ მოსაზრებას. სექსუალობის სოციო-კულტური ასპექტები მოიცავს ისტორიულ განვითარებებსა და რელიგიურ რწმენებს. მაგალითს წარმოადგენს ებრაელების მოსაზრება სექსუალური სიამოვნების განცდაზე ქორწინებაში, ასევე რამდენიმე სხვა რელიგიის უარყოფითი დამოკიდებულება სექსუალური სიამოვნების მიღების მიმართ (სიამოვნებისგან თავშეკავება). ზოგიერთი კულტურა სექსუალური რეპრესიებით ხასიათდებოდა. სექსუალობის შესახებ კვლევები ასევე მოიცავს ადამიანთა იდენტობებს სოციალურ ჯგუფში, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს და შობადობის კონტროლის მეთოდებს.