აფხაზეთის ომი (1992-1993)
From Wikipedia, the free encyclopedia
აფხაზეთის ომი — 1992-1993 წლების ომი ერთი მხრივ, საქართველოს, ხოლო, მეორე მხრივ, აფხაზ სეპარატისტებს, გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონს, ჩრდილოკავკასიელ ბოევიკებს, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრებსა და ადგილობრივი სომხების ბაგრამიანის სახელობის ბატალიონს შორის. ომის დროს სეპარატისტებს აქტიურად ეხმარებოდა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებიც, რაც გამოიხატა რუსული ავიაციის მიერ ქართული სამხედრო პოზიციებისა და დასახლებების დაბომბვაში.[5][6]
აფხაზეთის ომი | |||
---|---|---|---|
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ნაწილი | |||
თარიღი | 14 აგვისტო, 1992 - 30 სექტემბერი, 1993 | ||
მდებარეობა | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა | ||
შედეგი |
სეპარატისტული აფხაზეთის გამარჯვება | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
სეპარატისტულმა და რუსულმა ძალებმა დაიკავეს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია კოდორის ხეობის გამოკლებით | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
აფხაზეთის ომი ვიკისაწყობში |
ომის პარალელურად მიდიოდა სამოქალაქო ომი დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე დევნილ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებსა და ხელისუფლებაში სამხედრო გადატრიალების შედეგად მოსული ედუარდ შევარდნაძის მთავრობას შორის, რაც ხელს უშლიდა ქართული მხარის გაერთიანებას. თუმცა, იყო შემთხვევებიც, როდესაც ქართული ძალები ერთობლივად იბრძოდნენ მტრების წინააღმდეგ - აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ტამიშის ბრძოლა, როდესაც ერთმანეთთან დაპირისპირებული ქართული შენაერთები გაერთიანდნენ და მტრის დესანტზე გამარჯვება მოიპოვეს.
ომს წინ უსწრებდა ისეთი მოვლენები, როგორიცაა 1989 წლის ივლისში ანტიქართული არეულობები სოხუმში და 1991 წლის მარტში აფხაზეთის მიერ საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისთვის რეფერენდუმში მონაწილეობის მიღება, საქართველოს მიერ ამაზე უარის თქმის მიუხედავად. უშუალოდ ომის მაპროვოცირებელი გახდა 1992 წლის 23 ივლისს აფხაზი სეპარატისტების მიერ 1925 წლის აფხაზეთის კონსტიტუციის აღდგენით სუვერენიტეტის გამოცხადება და 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზური ეროვნული გვარდიის მიერ საქართველოს ძალების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნა.
ომის საწყისს ეტაპზე, ქართულმა ძალებმა დაიკავეს სოხუმი, გაგრა, ოჩამჩირე და გალი, ხოლო სეპარატისტები გუდაუთაში, ტყვარჩელსა და ოჩამჩირის რაიონის ნაწილში გამაგრდნენ. ომის მიმდინარეობისას სეპარასტისტებმა არაერთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს, მათ შორის აღსანიშნავია 1992 წლის ოქტომბერში გაგრაზე მიტანილი იერიში, რასაც გაგრის დაცემა და ქართული მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები მოჰყვა, ასევე 1993 წლის სექტემბერში სოხუმზე შეტევა, რის შედეგადაც სოხუმი დაეცა 27 სექტემბერს და ქართულმა ძალებმა ვეღარ შეძლეს მათ კონტროლქვეშ არსებული დანარჩენი ტერიტორიის შენარჩუნება.
ომი დასრულდა საქართველოს დამარცხებით და აფხაზეთის ტერიტორიის დიდი ნაწილის დაკარგვით. საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი, ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი, ხოლო 300 ათასზე მეტ აფხაზეთში მცხოვრები ქართველი საკუთარი სახლიდან სეპარატისტებმა განდევნეს. მათგან ათეულობით ათასს აფხაზეთის დატოვება მოუხდა ფეხით კოდორის ხეობის გავლით, რა დროსაც მძიმე პირობების გამო ასობით ადამიანმა სვანეთის მთებში განუტევა სული. პოსტსაბჭოური საქართველოსთვის კონფლიქტის შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ქვეყანამ მიიღო უდიდესი მსხვერპლი, უმძიმესი ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი. ომმა და ომის შემდგომმა უწესრიგო შეტაკებებმა აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად გააპარტახა. დღესაც აფხაზეთის რეგიონი, რომელიც საქართველოსგან დე ფაქტო დამოუკიდებლობით სარგებლობს, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. მიუხედავად თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობისა, აფხაზეთის რეგიონი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე. როგორც თვით აფხაზები აცხადებენ, რეგიონი რუსეთის ფედერაციის „დე ფაქტო პროტექტორატია“.