გლაციოლოგია
From Wikipedia, the free encyclopedia
გლაციოლოგია (ლათ. glacies — „ყინული“ და ბერძ. logos — „მოძღვრება“) — მეცნიერება მყინვარების შესახებ; ე.ი. დედამიწის ზედაპირზე ყინულის იმ ბუნებრივ დანაგროვთა შესახებ, რომლებიც მყარი ატმოსფერული ნალექების აკუმულაციისა და გარდაქმნის შედეგად წარმოიქმნენ. გლაციოლოგია შეისწავლის მყინვართა წარმოშობას, არსებობისა და განვითარების პირობებს, მათ შედგენილობას, აგებულებას და ფიზიკურ თვისებებს, გეოლოგიურ და გეომორფოლოგიურ მოქმედებას, გეოგრაფიულ გავრცელებას და გეოგრაფიული გარსის სხვა კომპონენტებთან დამოკიდებულებას.
დღეისათვის ტერმინი გლაციოლოგია ფართო მნიშვნელობით იხმარება. გლაციოლოგიის საგანი იფარგლება კვლევის ისეთი განხრით, როგორიცაა მთლიანად გლაციოსფეროს შესწავლა, მასში არსებული ყინულის ფორმათა (მყინვარები, თოვლის საბურველი, წყალსატევების ყინულის საფარი და სხვ.) ფართო კვლევა და მათი ევოლუცია. გლაციოლოგია სწავლობს ატმოსფეროსა და ლითოსფეროში არსებული ყინულების, აგრეთვე მდინარეებისა და ზღვებზე წარმოქმნილი ყინულების ფორმათა ერთობლიობას.