გეომორფოლოგია
From Wikipedia, the free encyclopedia
გეომორფოლოგია (ბერძ. γῆ — დედამიწა; μορφή — ფორმა; λόγος — მოძღვრება) — მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის დედამიწის ზედაპირის რელიეფს.[1][2] გეომორფოლოგია თავისი შინაარსით გეოგრაფია-გეოლოგიის მიჯნაზე იმყოფება,[3] სხვაგვარად, გეოლოგიისა და გეოგრაფიის დამაკავშირებელი დარგია.[4] შეისწავლის რელიეფის იერს, წარმოშობას, ისტორიულ განვითარებასა და დინამიკას.[2][5] გეომორფოლოგიის კვლევის ძირითადი საგანია რელიეფის ისტორიული განვითარების ჩვენება. ენდოგენური და ეგზოგენური პროცესების შედეგად რელიეფი განიცდის მუდმივ ცვლილებას. ენდოგენური პროცესები გამოწვეულია დედამიწის შიდა ძალებით (მთათაწარმოშობით, დედამიწის ქერქის მოძრაობით, ვულკანიზმით, მიწისძვრით),[6][7] ხოლო ეგზოგენური — მზის ენერგიის წყაროებით (გამოფიტვით, მყინვართა მოძრაობით, ზღვის, ტბის და სხვა მოქმედებით).[8][9]
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „გეომორფოლოგია“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. გეომორფოლოგია ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
გეომორფოლოგია რადგან იყენებს კვლევის ფართო მეთოდებს — იგი ამრიგად აღწევს სხვა მეცნიერებებში. გეომორფოლოგია დაკავშირებულია ბუნებისმეტყველების სხვა დარგებთან — მეოთხეულ გეოლოგიასთან, ტექტონიკასთან, ლითოლოგიასთან, პეტროლოგიასთან, საინჟინრო გეოლოგიასთან, ჰიდროგეოლოგიასთან, კლიმატოლოგიასთან, ჰიდროლოგიასთან, ოკეანოლოგიასთან, ნიადაგთმცოდნეობასთან, გეობოტანიკასთან და სხვა.[10] გეომორფოლოგიის შესწავლის ობიექტია საკუთრივ რელიეფი, ე.ი. დედამიწის ზედაპირის უსწორმასწორობათა კომპლექსი. დედამიწის მყარი გარსი — დედამიწის ქერქი, რომელიც იზოსტაზიურ მდგომარეობაშია, თავის ზედა ნაწილში სწორედ ამ უსწორმასწორობანს წარმოქმნის.[5] მასზე ზემოქმედებას ახდენენ დედამიწის სხვა გარსები — ატმოსფერო და ჰიდროსფერო.[5] დედამიწის ქერქის ვერტიკალური და ჰორიზონტული მიმართულება არაერთგვაროვანია, რაც გამოწვეულია მისი აგებულების სხვადასხვაობით კონტინენტებზე და ოკეანეების ქვეშ. იგი შედგება მაგმური, დანალექი და მეტამორფული ქანებისაგან, რომლებიც სხვადასხვანაირად რეაგირებენ გარეგან და შინაგან პროცესებზე.[5]
ცნობილმა ბუნებისმეტყველმა ვლადიმერ ვერნადსკიმ (1863-1945) შექმნა მოძღვრება ბიოსფეროს შესახებ.[11][12][13] ამ ტერმინით განისაზღვრება მთელი დედამიწის ორგანული სამყარო. ბიოსფერო ერთგვარად მსჭვალავს ატმოსფეროს ქვედა ნაწილს, ჰიდროსფეროს და ლითოსფეროს ზედა ნაწილს. მასში არსებული ცოცხალი ორგანიზმები ან განამარხებული ორგანული მატერიები აქტიურ მონაწილეობას იღებენ დედამიწის ზედაპირის რელიეფის ჩამოყალიბებაში. ბიოსფეროში მიმდინარე პროცესების შედეგად ხმელეთზე იქმნება სპეციფიკური ბიოგენური რელიეფის ფორმები და გეოლოგიური სხეულები.[5]
საკუთრივ დედამიწის რელიეფი, რომელიც წარმოადგენს ხმელეთის ზედაპირის თითქმის ჰორიზონტულ, ან მნიშვნელოვნად დახრილი ფორმების ერთობლიობას, მონაწილეობას იღებს გეომორფოლოგიური პროცესების მსვლელობაზეც. ასე მაგალითად, მთებში და ვაკე-დაბლობებზე არსებული გენეზისით მსგავსი პროცესები სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს. რელიეფის ჰიფსომეტრია აგრეთვე გავლენას ახდენს რელიეფწარმოქმნაზე. გეომორფოლოგიური კვლევის დროს ფართოდ გამოიყენება გეოლოგიური, გლაციოლოგიური, გეოკრიოლოგიური, ჰიდროდინამიკური და სხვა მეთოდები.[14]
გეომორფოლოგიას როგორც დამოუკიდებელ მეცნიერების დისციპლინას საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ჩამოყალიბდა ფერდინანდ ფონ რიხტჰოფენის აზიის ბუნებრივი უბნების რელიეფის დახასიათებისა და კლასიფიკაციის ცდა.[15][16] ამ დარგის პირველ ეტაპზე დიდი წვლილი შეიტანეს აგრეთვე ალბრეხტ პენკმა (1858-1945), ვალტერ პენკმა (1888-1923) და უილიამ მორის დეივისმა (1850-1934).[5]
გეომორფოლოგია შეისწავლის დედამიწის ზედაპირის რელიეფის აგებულებას, წარმოშობას, განვითარებასა და დინამიკას. შესწავლის მიზანია — რელიეფის განვითარების კანონების გარკვევა და საზოგადოების პრაქტიკული მოღვაწეობის შედეგად გამოვლინებული კანონზომიერებების გამოყენება.[5]