ვალტერ მოდელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ოტო მორიც ვალტერ მოდელი (გერმ. Otto Moritz Walter Model; დ. 24 იანვარი 1891, გენთინი, საქსონია-ანჰალტი — გ. 21 აპრილი 1945, დუისბურგი, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი მეორე მსოფლიო ომის დროს. განსაკუთრებით გამოირჩეოდა თავდაცვითი ბრძოლების ორგანიზებით ომის მეორე ნახევარში, ძირითადად აღმოსავლეთის ფრონტზე, თუმცა აქტიურ მონაწილეობას იღებდა დასავლეთის ფრონტზეც. იგი მიჩნეულია მესამე რაიხის საუკეთესო გენერლად თავდაცვით ოპერაციებში.[1]
მიუხედავად იმისა, რომ ომის პირველ წლებში იყო აგრესიული სატანკო მეთაური, სახელი გაითქვა თავდაცვითი ბრძოლების წარმოებით. მისი მეთაურობით მე-9 გერმანული არმიის მიერ წარმოებულმა თავდაცვითმა ბრძოლებმა 1941-1942 წლებში განსაზღვრა მისი შემდგომი კარიერული მომავალი.
მოდელმა ჰიტლერის ყურადღება ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მიიქცია, მაგრამ მათი ურთიერთობა ახლო არ ყოფილა 1942 წლამდე. მისმა ჯიუტმა და მტკიცე ბრძოლის სტილმა და თავდადებამ ნაცისტური მიზნებისთვის მალევე მოუპოვა ჰიტლერის პატივისცემა, რომელიც მოდელს მიიჩნევდა ერთ-ერთ საუკეთესო საველე მეთაურად ვერმახტის რიგებში და გამუდმებით აძლევდა ახალ-ახალ დავალებებს რათა გამოესწორებინა ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთებზე არსებული მძიმე მდგომარეობები. თუმცა მათ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ბალჟის ბრძოლა წარუმატებლად დასრულდა გერმანიისთვის. 1945 წლის აპრილში, როდესაც გერმანიის დამარცხება გარდაუვალი იყო თავი მოიკლა, რათა არ ჩავარდნილიყო ტყვედ და პასუხი არ ეგო მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის კაცობრიობის წინააღმდეგ.