ვარსკვლავური ომები (ფილმი)
From Wikipedia, the free encyclopedia
„ვარსკვლავური ომები“ (ინგლ. Star Wars, მოგვიანებით ცნობილი შეცვლილი სახელწოდებით „ვარსკვლავური ომები IV: ახალი იმედი“, „Star Wars Episode IV: A New Hope“) — 1977 წლის ეპიკური კოსმოსური ოპერის ჟანრის ფილმი სერიიდან „ვარსკვლავური ომები“. იგი არის აღნიშნული სერიის პირველი ფილმი და ფრენჩაიზის საწყისი ეტაპი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მარკ ჰემილი, ჰარისონ ფორდი, კერი ფიშერი, პიტერ კეშინგი, ალეკ გინესი, დევიდ პრაუზი, ჯეიმზ ერლ ჯოუნსი, ენტონი დენიელზი, კენი ბეიკერი და პიტე მეიჰიუ. სიუჟეტის ძირითადი თემაა აჯანყებულთა ალიანსი პრინცესა ლეიას (ფიშერი) მეთაურობით, რომელიც ცდილობს კოსმოსურ სადგურ სიკვდილის ვარსკვლავის განადგურებას. ამ კონფლიქტის გამო იცვლება ფერმერ ლუკ სკაიუოკერის (ჰემილი) ცხოვრებაც, მას შემდეგ, რაც იგი, ბიძასთან ერთად, შეიძენს ორ დროიდს, რომელთაგან ერთ-ერთი ატარებს სადგურის მოპარულ სქემებს. როდესაც იმპერიული ძალები იწყებენ დროიდების ძიებას, სკაიუოკერი ობი-ვან კენობის (გინესი) ხელმძღვანელობით ეუფლება ჯედაების ხელოვნებას და, ამავე დროს, ათავისუფლებს პრინცესას და უერთდება აჯანყებულებს.
„ვარსკვლავური ომები“ | |
---|---|
რეჟისორი | ჯორჯ ლუკასი |
პროდიუსერი | გერი კურცი |
სცენარის ავტორი | ჯორჯ ლუკასი |
როლებში |
|
მუსიკა | ჯონ უილიამსი |
ოპერატორი | გილბერტ ტეილორი |
მონტაჟი |
|
სტუდია | Lucasfilm Ltd. |
დისტრიბუტორი | 20th Century Fox[georgian 1] |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 121 წთ.[4] |
ქვეყანა | აშშ[5] |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 11 მილიონი აშშ დოლარი[6][7] |
შემოსავალი | 775.4 მილიონი აშშ დოლარი[6] |
„ვარსკვლავური ომები“ კინოთეატრებში აშშ-ში, 1977 წლის 25 მაისს გამოვიდა. აშშ-ში მისმა შემოსავალმა 461, ხოლო მსოფლიოს სხვა ქვეყნებში – 314 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, საერთო ჯამში – 775 მილიონი. 1982 წლის „უცხოპლანეტელამდე“ „ვარსკვლავური ომები“ იყო ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი კინოფილმი. ინფლაციის გათვალისწნებით, იგი ჩრდილოეთ ამერიკაში ყველა დროის შემოსავლიან ფილმებში რიგით მეორეა, ხოლო მსოფლიოში – რიგით მესამე. ფილმს ერგო შვიდი ოსკარი (ათი ნომინაციიდან). იგი ფილმების ეროვნულმა რეესტრმა აირჩია კონგრესის ბიბლიოთეკაში შესატანად, როგორც „კულტურულად, ისტორიულად ან ესთეტიკურად მნიშვნელოვანი ნამუშევარი“. თავის დროისთვის „ვარსკვლავური ომები“ იყო 1970-იანების ერთადერთი სურათი, რომელიც ამ რეესტრში მოხვდა, ხოლო მისი საუნდტრეკი ამ რეესტრში 2004 წელს შეიტანეს. „ვარსკვლავური ომები“ ხშირად აღინიშნება, როგორც მხატვრული კინოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი. მის გამოსვლას მოჰყვა მთელი რიგი ნაწარმის – დამატებითი ტელესერიალები, რომანები, კომიქსები, ვიდეო თამაშები, სათამაშოების და ჩაცმულობის სერიები.
„ვარსკვლავური ომების“ წარმატებას მოჰყვა კიდევ ორი ფილმი, „იმპერიის საპასუხო შეტევა“ (1980) და „ჯედაის დაბრუნება“ (1983). ჯორჯ ლუკასის ხელმძღვანელობით ფილმი რამდენიმჯერ იქნა ხელახლა გამოშვებული, შეცვლილი სპეციალური ეფექტებით, დიალოგებით, დამატებული სცენებით, შეცვლილი კადრებით და მუსიკით. მისი წინარეისტორიის ტრილოგიაში შედის „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული საფრთხე“ (1999), „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა“ (2002) და „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება“ (2005). ამას მოჰყვა გაგრძელების ტრილოგიაში, რომელიც დაიწყო 2015 წლის „ძალის გამოღვიძებით“. სერიაში შემდეგია „უკანასკნელი ჯედაი“ (2017). აგრეთვე გამოვიდა მესამე და მეოთხე ეპიზოდებს შორის მომხდარი მოვლენების ამსახველი ანთოლოგიური „განდგომილი ერთი“. მომავალ ფილმებს შორის არის კიდევ ერთი ანთოლოგიური ფილმი „სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი“ (2018) და „უკანასკნელი ჯედაის“ ჯერჯერობით უსათაურო გაგრძელება.