ზოოპარკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ზოოპარკი, ზოოლოგიური პარკი — სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც ვოლიერებში ან გალიებში, ან ბუნებრივ გარემოს მიმსგავსებულ დიდ ფართობებზე სადემონსტრაციოდ, სამეცნიერო მიზნით ან გასამრავლებლად ჰყავთ გარეული ცხოველები. ზოგიერთ ზოოპარკში შინაური ცხოველებიც არიან. ზოოლოგიური ბაღისაგან განსხვავებით ზოოპარკი დიდი ტერიტორიითა და ცხოველების მრავარიცხოვანი კოლექციით განსხვავდება. ზოოპარკებში სწავლობენ ცხოველთა ბიოლოგიას, სამეურნეო მნიშვნელობას, პროპაგანდას უწევენ მათ დაცვას, გარდა ამისა, დიდი ყურადღება ექცევა გადაშენების გზაზე მდგომი ცხოველების დაცვასა და მოშენებას. მაგ., ზოოპარკის პირობებში გადაურჩა ამოწყვეტას პრჟევალსკის ცხენი (მისი ერთი ეგზემპლარი დღეს თბილისის ზოოპარკშიც ჰყავთ[1]), ჰავაიური ღერღეტი და სხვ. ზოოპარკებში ტარდება ექსკურსიები, ეწყობა ლექციები და სხვ.
ზოოპარკების წინამორბედად ითვლება სამხეცეები. დიდი ზოოპარკები ჰქონდათ ძველ ეგვიპტეში ჯერ კიდევ 3500 წლის წინათ. 3000-ზე მეტი წლის წინათ ჩინეთში იყო ზოოპარკი, რომელსაც „ცოდნის ბაღს“ უწოდებდნენ. 2010 წლის მონაცემებით მსოფლიოში დაახლოებით 1300 ზოოპარკია, რომელთა ნახევარი ევროპაში, ხოლო 20% ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარეობს.[2] ევროპაში უძველესია ვენის ზოოპარკი (1752), შემდეგ მადრიდის (1774), პარიზის (1793), ლონდონის (1828), ამსტერდამის (1838), ბერლინის (1844), ჰამბურგის (1863), მოსკოვის (1864), სანქტ-პეტერბურგის (1865), ნიუ-იორკის (1865), ბუდაპეშტის (1887) და სხვ. ზოგიერთ ქალაქში რამდენიმე ზოოპარკია.