იორდანიის დემოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
2023 წლის მონაცემებით, იორდანიის მოსახლეობა 11.1 მილიონ ადამიანს აჭარბებს.[1] იორდანიის მოქალაქეებს იორდანიელები ეწოდებათ. იორდანიელთა 94% არაბია, ხოლო დარჩენილ 6%-ს სხვა ეთნიკური უმცირესობები წარმოადგენენ, მათ შორის: ჩერქეზები, ჩეჩნები, სომხები და ქურთები.[2] დაახ7ლოები 2.9 მილიონ ადამიანს მოქალაქეობა არ აქვს, რომელთა შორის არიან დევნილები, ლეგალური და არალეგალური იმიგრანტები.[3] 2023 წლისვის იორდანიის მოსახლეობის წლიური ზრდის მაჩვენებელი 3.05%-ს უდრის. ერთ ქალზე საშუალოდ 2.8 ბავშვი მოდის. 2015 წელს იორდანიაში 1 977 534 შინამეურნეობა იყო. საშუალო ერთ შინამეურნეობაში 4.8 ადამიანი იყო.[3]
იორდანიის ოფიციალური ენაა არაბული ენა. მეორე ყველაზე ფართოდ გავრცელებული ენაა ინგლისური. ინგლისური ფართოდ გამოიყენება კომერციასა და სამთავრობო საქმიანობაში. 2016 წელს იორდანიელთა 84% ქალაქებსა და დიდ ქალაქებში ცხოვრობდა.[2]
2016 წელს იორდანია მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო ერთ სულ მოსახლეზე ლტოლვილთა რაოდენობით. იგი უსწრებდა თურქეთს, პაკისტანსა და ლიბანს.[4] იორდანიაში ლტოლვილები მეტწილად მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირიდან, სირიიდან და ერაყიდან ჩადიან. იორდანიაში ასობით ათასი მუშაა ჩასული ეგვიპტიდან, ინდონეზიიდან და სამხრეთ აზიიდან.