კუალა-ლუმპური
From Wikipedia, the free encyclopedia
კუალა-ლუმპური (მალ. Wilayah Persekutuan Kuala Lumpur) — მალაიზიის ფედერალური ტერიტორია, დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი.[5] მისი ფართობი 243 კმ²,[6] ხოლო მოსახლეობა 1.79 მილიონია.[3]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კუალა-ლუმპური كوالا لومڤور 吉隆坡 கோலாலம்பூர் | |||||
მარცხნიდან მარჯვნივ: პეტრონასის კოშკები, პეტალინგის ქუჩა, ჯამეკის მეჩეთი და მდინარეების: გომბაკ/კლანგის შესართავი, ეროვნული მონუმენტი, ეროვნული მეჩეთი, კუალა-ლუმპურის ხედი. ცენტრში: კუალა-ლუმპურის კოშკი | |||||
| |||||
ქვეყანა | მალაიზია | ||||
კოორდინატები | 3°08′00″ ჩ. გ. 101°42′00″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | მჰდ ამინ ნორდინ აბდულ აზიზი | ||||
დაარსდა | 1859[1] | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1972 | ||||
ფართობი | 243,65 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 66[2] მ | ||||
მოსახლეობა | 1,790,000[3] კაცი (2018) | ||||
სიმჭიდროვე | 7,366 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 7,200,000[4] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
სატელეფონო კოდი | 03 | ||||
საფოსტო ინდექსი | 50000 - 60000 | ||||
ოფიციალური საიტი | dbkl.gov.my | ||||
ქალაქის მეტროპოლიტური რეგიონია კუალა-ლუმპურის საქალაქო აგლომერაცია, რომელიც ასევე კლანგის ხეობის სახელწოდებითაა ცნობილი და მოსახლეობის რაოდენობისა და ეკონომიკური განვითარების მიხედვით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ზრდადი რეგიონია. აგლომერაციის მცხოვრებთა რიცხვი 7.564 მილიონია.[7]
კუალა-ლუმპური ქვეყნის კულტურული, ფინანსური და ეკონომიკური ცენტრია. ქალაქში მალაიზიის პარლამენტი და მეფის რეზიდენცია მდებარეობს. დედაქალაქში ქვეყნის აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოებიც იყო განლაგებული, რომლებიც 1999 წელს ქალაქ პუტრაჯაიაში გადაიტანეს.[8] მიუხედავად ამისა, ზოგიერთი სამთავრობო ორგანო დღემდე რჩება კუალა-ლუმპურში.
დედაქალაქი კუალა-ლუმპურის ფედერალური ტერიტორიის ცენტრშია მოქცეული, რომელიც ერთ-ერთია მალაიზიის სამ ფედერალურ ტერიტორიას შორის.[9] კუალა-ლუმპურის ფედერალური ტერიტორია ანკლავია სელანგორის შტატში, რომელიც მალაკის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.[10] 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ქალაქი მრავალ საერთაშორისო სპორტულ, პოლიტიკურ და კულტურულ ღონისძიებას მასპინძლობს, მათ შორისაა 1988 წლის თანამეგობრობის თამაშები და 2017 წლის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის თამაშები. კუალა-ლუმპურშია მსოფლიოს უმაღლესი ტყუპი ცათამბჯენები — პეტრონასის კოშკები, რომელიც მალაიზიის განვითარების საკულტო სიმბოლოდ იქცა.
კუალა-ლუმპური ალფა რანგის გლობალური ქალაქია. 2010 წელს ის გაზეთ Foreign Policy-ის გლობალური ქალაქების სიაში 48-ე ადგილზე მოხვდა.[11] 2019 წელს კუალა-ლუმპურმა მსოფლიოში ყველაზე ხშირად მონახულებად ქალაქებს შორის მე-6 ადგილი დაიკავა.[12] იუნესკომ ქალაქი 2020 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელა.[13][14]