ლიბანის დემოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
ლიბანის დემოგრაფია ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიულ სტატისტიკურ სურათს წარმოაჩენს. ქვეყნის დემოგრაფია მოიცავს ისეთ მაჩვენებლებს, როგორებიცაა: მოსახლეობის სიმჭიდროვე და განაწილება, ეთნიკური შემადგენლობა, განათლების დონე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დონე, ეკონომიკური სტატუსი, რელიგიური მიკუთვნება და სხვა მახასიათებლები.
ლიბანის მოსახლეობის 95%-მდე მუსლიმები და ქრისტიანები შეადგენენ, რომლებიც სხვადასხვა სექტას მოიცავენ. 1932 წლის შემდეგ ლიბანში მოსახლეობის რელიგიური მიკუთვნების შესახებ ოფიციალური აღწერა არ ჩატარებულა, რაც აღმსარებლობის ბალანსთან დაკავშირებით ლიბანის მგრძნობიარე პოლიტიკით აიხსნება.[1] შესაბამისად, მოსახლეობის მთავარი რელიგიური ჯგუფების მიახლოებითი წილის შესახებ ზუსტი წყაროები არ მოიპოვება და აღმსარებლობის მიხედვით მონაცემების შესაგროვებლად სხვადასხვა წყარო გამოიყენება.
ყველაზე დიდი კვლევა სტატისტიკის ცენტრალურმა ადმინისტრაციამ (ფრანგ. Administration Centrale de la Statistique) ჩაატარა რობერტ კასპარიანისა და გრეგორი ჰადადის სოციალური მოძრაობის „L'enquête par sondage sur la population active au Liban en 1970“ („გამოკითხვა ლიბანის მოსახლეობის შესახებ 1970 წელს“) ფარგლებში, რომლის დროსაც 130 000 ადამიანი გამოიკითხეს.[2]
მსოფლიო მასშტაბით 4 მილიონზე მეტი[3][4][5] ლიბანელი და ლიბანური წარმოშობის ადამიანია გაფანტული. მათი დიდი ნაწილი ქრისტიანია. 2020 წელს ლიბანის მოსახლეობა 5 469 612 ადამიანს შეადგენდა.[6]