მატნის ცხრაკარას მონასტერი
From Wikipedia, the free encyclopedia
მატნის ცხრაკარას მონასტერი — სამონასტრო კომპლექსი კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის დასავლეთით 3-4 კმ-ზე, მთებში. სამონასტრო კომპლექსს 2006 წლის 7 ნოემბრის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
მონასტერი შედგება ერთმანეთზე მიდგმული რამდენიმე ეკლესიისა და სხვადასხვა ნაგებობებისაგან, რომლებსაც გარს არტყავს არაწესიერი მოხაზულობის დაბალი გალავანი. მონასტრის მთავარი შენობა, V-VI საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკაა, ჯერ კიდევ ძველ დროს VIII-IX საუკუნეებში, ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ, რამაც მისი თავდაპირველი ფორმების მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. ამ პერიოდში მისთვის სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან დარბაზული ეკლესიები, ხოლო დასავლეთიდან კარიბჭე მიუშენებიათ. მომდევნო ხანებში ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავის თავზე მოუწყვიათ დაბალი კამაროვანი სათავსი. უფრო გვიან, სავარაუდიოდ XVII საუკუნეში, ამ სათავსზე დაუდგამთ აგურის სამრეკლო, ხოლო ბაზილიკაზე სამხრეთიდან მიშენებულ ეკლესიაზე, აღმოსავლეთიდან სწორკუთხოვანი დარბაზი მიუდგამთ. მეორე ნაგებობა ბაზილიკის შუა ნავის აღმოსავლეთ კედელზეა მიყრდნობილი. ბაზილიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით შემორჩენილია პატარა დარბაზული ეკლესიის ნანგრევები, ხოლო დასავლეთით, ოთხიოდე მეტრზე, განვითარებული შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია. ამ ეკლესიის სამხრეთით კი პატარა კამარაჩამოქცეული შენობაა, რომელიც სავარაუდოდ მონასტრის ბიბლიოთეკა უნდა ყოფილიყო[2].
1984-1987 წწ. მონასტერს რესტავრაცია ჩაუტარდა (რესტავრაციის პროექტის ავტორი, არქიტექტორი დ. ჭიკაიძე). აღდგა ბაზილიკის ჩამოშლილი ეკლესიის კედლები და სამრეკლოს დანგრეული ნაწილი. კონსერვაცია გაუკეთდა სამხრეთით მდებარე პატარა ნაგებობას. ბაზილიკა და მასზე მიშენებული ეკლესიები გადაიხურა კრამიტით. 2005 წელს, მატნის ცხრაკარას სამონასტრო კომპლექსში ჩატარდა მოხატულობის კონსერვაცია და გადახურვითი სამუშაოები. ბათქაშის ქიმების საერთო რაოდენობის 70-80% გამაგრდა კირ-ქვიშის ხსნარით. აიყარა ხელოვნური ლორფინი და გადაიხურა მოთუთიებული თუნუქით[3].
XV-XVI საუკუნეებს მიეკუთვნება მოხატულობა, რომელიც ეკლესიის კანკელსა და დასავლეთ კედელზეა შემორჩენილი[4].
მატნის ცხრაკარას მონასტერი ალავერდის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედი არ არის.