მეხიკო
მექსიკის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი / From Wikipedia, the free encyclopedia
მეხიკო (ესპ. Ciudad de México [sjuˈðað ðe ˈmexiko]) — მექსიკის დედაქალაქი, ფედერალური რაიონი და ხელისუფლების ადგილსამყოფელი.[4] წარმოადგენს ფედერალურ ერთეულს მექსიკის შემადგენლობაში, არ მიეკუთვნება 31 შტატიდან არც ერთს და მთლიანად ეკუთვნის ფედერაციას. მეხიკო ამჟამად ქვეყნის უდიდესი ქალაქი, უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და საფინანსო ცენტრია.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მეხიკო ესპ. Ciudad de México | |||||
| |||||
ქვეყანა | მექსიკა | ||||
შიდა დაყოფა | ალვარო-ობრეგონი[1] , ასკაპოტსალკო[1] , ტლავაკი[1] , მილპა-ალტა[1] , მიგელ-იდალგო[1] , მაგდალენა-კონტრერასი[1] , ისტაპალაპა[1] , ისტაკალკო[1] , გუსტავო-მადერო[1] , კუახიმალპა[1] , შოჩიმილკო[1] , ვენუსტიანო-კარანსა[1] და ტლალპანი[1] | ||||
კოორდინატები | 19°25′10″ ჩ. გ. 99°08′44″ დ. გ. | ||||
მერი | კლაუდია შეინბაუმი | ||||
დაარსდა | 1521[2] | ||||
ფართობი | 1485 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 2240±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 9 209 944 (2020)[3] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC−6 | ||||
სატელეფონო კოდი | 55 | ||||
საფოსტო ინდექსი | 01000–16999 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.cdmx.gob.mx | ||||
მეხიკოს მინიჭებული აქვს „ალფა“ რანგის გლობალური ქალაქის სტატუსი[5] და ის მთლიანად ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფინანსო ცენტრია.[6] მდებარეობს მაღლობ პლატოზე, მეხიკოს ველზე, მექსიკის შუაგულში, ზღვის დონიდან 2 240 მეტრზე. ქალაქი შედგება ექვსი კვარტლისგან.
2009 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 8,84 მილიონ ადამიანს შეადგენდა, ფართობი კი 1 485 კმ²-ს.[7] ფედერალური და სახელმწიფო ხელისუფლების მიერ დაწესებული ბოლოდროინდელი განმარტების მიხედვით, დიდი მეხიკოს მოსახლეობა 21,2 მილიონ ადამიანს აღწევს.[8] შედეგად, მეხიკო დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე დიდი მეტროპოლიტური არეალი, მეათე უდიდესი აგლომერაცია და მსოფლიოში უდიდესი ესპანურენოვანი ქალაქია.[9]
დიდი მეხიკოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2011 წელს 411 მილიარდი აშშ დოლარი იყო და შესაბამისად, ქალაქ მეხიკოს ურბანული აგლომერაცია ერთ-ერთი უმდიდრესი არეალია მთელ მსოფლიოში.[10] ამავე წლის მონაცემებით, ქალაქი აწარმოებდა მექსიკის მთლიანი შიდა პროდუქტის 15,8%-ს, მეტროპოლიური არეალი კი ეროვნული მშპ-ის 22%-ს.[11] 2013 წელს, ცალკე აღებული ქალაქი მეხიკო ლათინურ ამერიკაში მეხუთე უდიდესი ეკონომიკის მქონე იყო, ხუთჯერ მეტი ვიდრე მთლიანად კოსტა-რიკის ეკონომიკა და თითქმის იგივე ზომის, რაც პერუს ეკონომიკა.[12]
მეხიკო უძველესი დედაქალაქია დასავლეთ ნახევარსფეროში, ამავე დროს, კიტოსთან ერთად, იგი იმ ორ დედაქალაქს შორისაა, რომლებიც ადგილობრივმა ინდიელებმა დააარსეს. თავდაპირველად, 1325 წელს, ქალაქი ტესკოკოს ტბაში მდებარე კუნძულზე აცტეკებმა დააფუძნეს და მას ტენოჩტიტლანი უწოდეს. თითქმის ორი საუკუნის შემდეგ, 1521 წელს ტენოჩტიტლანის ალყის დროს ქალაქი თითქმის მთლიანად დაინგრა. ამის შემდეგ, ქალაქი ხელახლა დაპროექტდა და აშენდა ესპანური ურბანული სტანდარტებით. 1524 წელს შეიქმნა მეხიკოს მუნიციპალიტეტი, რომელსაც „მეხიკო-ტენოჩტიტლანი“ ეწოდებოდა,[13] 1585 წელს კი ოფიციალურად ქალაქი მეხიკო დაერქვა.[13] მეხიკო ესპანეთის კოლონიური იმპერიის საკმაოდ დიდი ნაწილის პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და ფინანსური ცენტრის ფუნქციებს ასრულებდა.[14] მას შემდეგ, რაც მექსიკამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, 1824 წელს შეიქმნა მეხიკოს ფედერალური რაიონი.
1997 წელს მეხიკოს მცხოვრებლებს უფლება მიეცათ, საყოველთაო არჩევნების გზით, პირდაპირ აირჩიონ მთავრობის მეთაური და ერთპალატიანი საკანონმდებლო ასამბლეის წარმომადგენლები. ამ დროიდან მოყოლებული, ხელისუფლების ორივე შტოს მართავს მემარცხენე მიმართულების დემოკრატიული რევოლუციის პარტია.[15] ბოლო წლებში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ლიბერალური პოლიტიკა გაატარა, მათ შორის, დააკანონა თანხმობა აბორტის მოთხოვნის შემთხვევაში, ევთანაზიის შეზღუდული ფორმა, განქორწინება ორივე მხარის თანხმობის გარეშე და ერთსქესიანთა ქორწინება.