სახელმწიფო საზღვარი
From Wikipedia, the free encyclopedia
სახელმწიფო საზღვარი — სახელმწიფო ტერიტორიის ფარგლების განმსაზღვრელი ხაზი. განასხვავებენ სახმელეთო, წყლისა და საჰაერო სახელმწიფო საზღვარს. სახმელეთო და წყლის საზღვარი მეზობელ სახელმწიფოებს შორის დადგენილია ხელშეკრულების წესით დელიმიტაციისა და დემარკაციის გზით, სანაოსნო მდინარეებზე სახელმწიფო საზღვარი ჩვეულებრივ ფარვატერზე ან ტალვეგზე გადის, არასანაოსნო მდინარეებზე — მდინარის შუაგულში, მოსაზღვრე ტბებში კი — ან მის შუაგულში, ან იმ სწორ ხაზზე, რომელიც სახმელეთო საზღვრებს ტბის ნაპირებთან აერთიანებს. საზღვაო სახელმწიფო საზღვარი, რომელიც გამოყოფს ტერიტორიულ წყლებს ღია ზღვისაგან, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მონაპირე სახელმწიფოთა კანონმდებლობით განისაზღვრება. საჰაერო სივრცის საზღვრად ითვლება ვერტიკალური სიბრტყე, რომელიც სახმელეთო და წყლის სახელმწიფო საზღვარზე გადის.
საზღვრების რამდენიმენაირი კლასიფიკაცია არსებობს. ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებულია ბოგსის კლასიფიკაცია (Bogges, 1940), რომელიც სახმელეთო საზღვრებს ასე აჯგუფებს: ფიზიოგრაფიული, ანთროროპოგეოგრაფიული, გეომეტრიული და კომპლექსური.
- ფიზიოგრაფიული საზღვრები მიჰყვება ტერიტორიის გამოკვეთილ ფიზიკურ ნიშნებს, მაგალითად მდინარეს, ქედს, ტბის ნაპირს და ა. შ.
- ანთრონტროპოგრაფიული საზღვრები ადამიანის ხელით შექმნილ ნიშნებს მიჰყვება. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, რკინიგზა.
- გეომეტრიული საზღვრები მისდევს გრძედს ან განედს, როგორც მაგალითად, ეგვიპტის დასავლეთ და სამხრეთ საზღვრები.
- კომპლექსური საზღვრები ზემოაღნიშნულის ნებისმიერ კომბინაციას წარმოადგენს.