სლოვაკეთის ეროვნული აჯანყება (სლოვაკ. Slovenské národné povstanie) ან 1944 წლის აჯანყება — მეორე მსოფლიო ომის დროს სლოვაკთა წინააღმდეგობის მოძრაობის მიერ ორგანიზებული სამხედრო აჯანყება. აჯანყება 1944 წლის 29 აგვისტოს ბანსკა-ბისტრიცაში დაიწყო, სადაც აჯანყებულები შეეცადნენ წინააღმდეგობა გაეწიათ გერმანული სამხედრო ქვედანაყოფებისთვის, რომლებსაც ოკუპირებული ჰქონდა სლოვაკეთის ტერიტორია. აჯანყებულთა მიზანი იოზეფ ტისოსა და მისი კოლაბორაციონისტული მთავრობის დამხობა იყო. აჯანყება წარუმატებელი აღმოჩნდა, მან 1944 წლის 28 ოქტომბერამდე გასტანა. ბანსკა-ბისტრიცის დაცემის შემდეგ ამბოხებულთა სამხედრო ხელმძღვანელობა ვერმახტს ღია ბრძოლაში დანებდა, აჯანყება კი პარტიზანულ ომში გადაიზარდა. საბოლოოდ პარტიზანული ომი 1945 წელს დასრულდა, როდესაც საბჭოთა კავშირის, რუმინეთისა და ჩეხოსლოვაკიის არმიებმა სლოვაკეთი დაიკავეს. სლოვაკეთის ეროვნული აჯანყება ვარშავის აჯანყების შემდეგ ნაცისტური სისტემის წინააღმდეგ ორგანიზებულ აჯანყებებს შორის ყველაზე დიდია.
სწრაფი ფაქტები სლოვაკეთის ეროვნული აჯანყება, თარიღი ...
დახურვა
ომის შემდგომ პერიოდში, ბევრმა პოლიტიკურმა სუბიექტმა სცადა აჯანყების მისაკუთრება. ჩეხოსლოვაკიის სტალინისტური რეჟიმი აჯანყებას აღწერდა, როგორც კომუნისტური ძალების მიერ ინიციირებულ და მართვად ამბოხებად. სლოვაკი ულტრანაციონალისტები აცხადებდნენ, რომ აჯანყება იყო სლოვაკი ერის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულება, რომლის ერთ-ერთ მთავარ ამოცანასაც წარმოადგენდა სლოვაკეთის მარიონეტული სახელმწიფოს დამხობა და ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს აღდგენა, სადაც სლოვაკები ჩეხებზე დომინირებდნენ. სინამდვილეში, სლოვაკეთის ეროვნულ აჯანყებაში ბევრი ფრაქცია მონაწილეობდა, დემოკრატიული წინააღმდეგობა, კომუნისტური პარტიზანები, საერთაშორისო ძალები, მათ უმრავლესობას კი სლოვაკეთის არმიის აჯანყებული ნაწილები წარმოადგენდნენ. ფრაქციების გაერთიანების მიუხედავად, აჯანყებამ სახალხო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. საერთო ჯამში აჯანყება აერთიანებდა სლოვაკი ერის ყველა რელიგიის, კლასისა და ასაკის ანტინაცისტური პოლიტიკური ფრაქციების წევრებს.[9][10] დღევანდელ სლოვაკეთში 29 აგვისტოს ეროვნული დღესასწაულის დღე აღინიშნება.