სომხების გენოციდი
From Wikipedia, the free encyclopedia
სომხების გენოციდი — ოსმალეთის იმპერიის მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 1915-1918 წლებში, რომელიც მოყვა სომეხთა აჯანყებებს. გენოციდის დასაწყისად ითვლება 1915 წლის 24 აპრილი, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა აჯანყებისათვის დაესაჯა ეთნიკური სომხები, რომლებიც განუდგნენ მათ სახელმწიფოს და კონსტანტინოპოლში 250-მდე სომეხი ინტელექტუალი და სომხური დიასპორის მეთაური დააპატიმრა. გენოციდი განხორციელდა პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ და ორ ძირითად ეტაპს მოიცავს: შრომისუნარიან მამაკაცთა მკვლელობა და ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დეპორტაცია და სიკვდილი. დეპორტაციისას სომხები მოკლებულნი იყვნენ საჭმელსა და წყალს, პერიოდულად ადგილი ჰქონდა ძარცვას, გაუპატიურებასა და მკვლელობას[1][2][3]. დაღუპულთა რიცხვი მერყეობს 1-დან 1,5 მილიონამდე.
პარალელურად, ოსმალეთში ხდებოდა ასურელთა და ბერძენთა მასობრივი მკვლელობაც. დაზარალდნენ სხვა უმცირესობებიც[4][5][6].