მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1934
From Wikipedia, the free encyclopedia
მეორე მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ჩატარდა 1934 წელს. პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ფინანსურმა წარმატებამ განაპირობა ფიფას მოღვაწეების დიდი ენთუზიაზმი. მეორე მსოფლიო ჩემპიონატის მსურველნი იტალია და შვედეთი აღმოჩნდნენ. ფიფამ არჩევანი იტალიაზე შეაჩერა. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. იტალიის სპორტის თავკაცებმა ყველა ღონე იხმარეს მასპინძლობის ხელში ჩასაგდებად. ისინი სრულ გარანტიას იძლეოდნენ, რომ ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებას ხელს ვერაფერი შეუშლიდა. ურუგვაის ტურნირის შემდეგ ყველა იმ აზრამდე მივიდა, რომ მუნდიალის ერთ ქალაქში ჩატარება, როგორც ეს მონტევიდეოში მოხდა, არ იყო მიზანშეწონილი.შვედები არ ფლობდნენ სტადიონების დიდ რაოდენობას, ხოლო იტალიას ამ მხრივ თავი ქუდში ჰქონდა. ამან ფიფას მიერ აპენინელების მასპინძლად გამოცხადება განაპირობა.
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1934 Campionato Mondiale di Calcio | |
---|---|
ტურნირის დეტალები | |
ადგილი | იტალია |
ქალაქები | 8 |
სტადიონები | 8 |
ტურნირის ვადები | 27 მაისი - 10 ივნისი |
მონაწილე | 16 |
საპრიზო ადგილები | |
ჩემპიონი | იტალია |
მეორე ადგილი | ჩეხოსლოვაკია |
მესამე ადგილი | გერმანია |
მეოთხე ადგილი | ავსტრია |
ტურნირის სტატისტიკა | |
დასწრება | 358 000 (21 059 თამაშზე) |
მატჩები | 17 |
გოლები | 70 (4.12 თამაშში) |
ბომბარდირ(ებ)ი | ოლდრჟიხ ნეიედლი (5 გოლი) |
ინტერესი მეორე მსოფლიო ჩემპიონატისადმი გაცილებით დიდი იყო. განაცხადი ოცდაცამეტმა სახელმწიფომ წარადგინა, მათ შორის უმრავლესობა ევროპული იყო. ამერიკელებს მუნდიალისადმი დიდი ინტერესი არ გამოუმჟღავნებიათ. სამხრეთელებს მხოლოდ ორი ნაკრები წარმოადგენდა – ბრაზილია და არგენტინა, თუმცა მათ იტალიაში მეორეხარისხოვანი გუნდები გააგზავნეს. ურუგვაელებმა მსოფლიო ტიტულის დაცვაზე იმ მოტივით განაცხადეს, რომ ამით სამაგიეროს უხდიდნენ ევროპელებს პირველ მუნდიალზე გამოუცხადებლობის გამო. თუმცა, ბოროტი ენები ამბობდნენ, რომ მსოფლიო ჩემპიონებს იმ დროისათვის სუსტი ნაკრები ჰყავდათ.
შესარჩევი მატჩების შემდეგ გამოვლინდა ის 16 ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებდა. ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა.