ფრიდერიკ შოპენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრიდერიკ ფრანციშეკ შოპენი (პოლ. Fryderyk Franciszek Chopin (Szopen)) (დ. 1 მარტი (სხვა წყაროებით — 22 თებერვალი, 1810, სოფელი ჟელიაზოვა-ვოლია, პოლონეთი — გ. 17 ოქტომბერი, 1849, პარიზი, საფრანგეთი) — პოლონელი კომპოზიტორი და პიანისტი, დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა საფრანგეთში (ფრანგ. Frédéric François Chopin). ავტორი მრავალრიცხოვანი ნაწარმოებებისა ფორტეპიანოსთვის.
პოლონური მუსიკალური ხელოვნების უდიდესი წარმომადგენელი. 1831 წლიდან ცხოვრობდა პარიზში. შოპენის მუსიკისთვის დამახასიათებელია ლირიზმი, სხვადასხვა ხასიათის დახვეწილად გადმოცემა; მისი ნაწარმოებები გამოირჩევა ფართო ეროვნულ–ფოლკლორული და ჟანრული კავშირებით. მან ახლებურად განმარტა სხვადასხვა ჟანრი: ააღორძინა რომანტიზმზე დაფუძნებული პრელუდია, შექმნა საფორტეპიანო ბალადა, პოეტიზმი და დრამატიზმი შეიტანა ცეკვებში — მაზურკა, პოლონეზი, ვალსი; სკერცო გარდასახა დამოუკიდებელ ნაწარმოებად; გაამდიდრა ჰარმონია და საფორტეპიანო ფაქტურა.
მის შემოქმედებაში აღსანიშნავია: 2 კონცერტი (1829, 1830), 3 სონატა (1828–1844), ფანტაზია (1841), 4 ბალადა (1835–1842), 4 სკერცო (1832–1842), ექსპრომტები, ნოკტიურნები, ეტიუდები და სხვა ნაწარმოებები ფორტეპიანოსთვის.
1927 წლიდან ვარშავაში ტარდება შოპენის სახელობის საერთაშორისო კონკურსი.
საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა კომპოზიტორი დასაფლავებულია პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოზე, შოპენის ანდერძით მისი გული სხეულიდან ამოკვეთეს და ჩაატანეს ვარშავის წმინდა ჯვრის ეკლესიის სვეტში.გარდაცვალების მიზეზად კი დღემდე ტუბერკულოზია დასახელებული.