ქემალ ათათურქი
From Wikipedia, the free encyclopedia
მუსტაფა ქემალ ათათურქი (თურქ. Mustafa Kemal Atatürk), ან მუსტაფა ქემალ ფაშა (თურქ. Mustafa Kemal Paşa) 1921 წლამდე და ღაზი მუსტაფა ფაშა[1] (თურქ. Gazi Mustafa Paşa) 1921—1934[2] წლებში (დ. 1881, სალონიკი, სალონიკის ვილაიეთი, ოსმალეთის იმპერია – გ. 10 ნოემბერი, 1938, დოლმაბაჰჩე, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი ფელდმარშალი, რევოლუციონერი სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი და თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი მამა, რომელიც რესპუბლიკის დაფუძნებიდან, 1923 წლიდან, სიკვდილამდე, 1938 წლამდე იყო თურქეთის პრეზიდენტი. მან გაატარა ყოვლისმომცველი პროგრესული რეფორმები, რამაც თურქეთი გარდაქმნა სეკულარულ და ინდუსტრიალიზებულ ქვეყანად.[3][4][5][6] იდეოლოგიურად, მისი სეკულარისტული და ნაციონალისტური პოლიტიკა და სოციალისტურ-პოლიტიკური თეორია ქემალიზმის სახელით გახდა ცნობილი. თავისი სამხედრო და პოლიტიკური მიღწევების გამო, ათათურქი XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ლიდერად ითვლება.[7]
მუსტაფა ქემალ ათათურქი | |
ათათურქი 1932 წელს | |
თურქეთის 1-ლი პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 ოქტომბერი, 1923 – 10 ნოემბერი, 1938 | |
პრემიერ-მინისტრი | ისმეთ ინენიუ ფეთჰი ოქიარი ჯელალ ბაიარი |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე | ისმეთ ინენიუ |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 მაისი, 1920 – 24 იანვარი, 1921 | |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე | ფევზი ჩაქმაქი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 აპრილი, 1920 – 29 ოქტომბერი, 1923 | |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე | ფეთჰი ოქიარი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 სექტემბერი, 1923 – 10 ნოემბერი, 1938 | |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე | ისმეთ ინენიუ |
დაბადებული | დაახლ. 1881 სალონიკი, სალონიკის ვილაიეთი, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 10 ნოემბერი, 1938 (57 წლის) დოლმაბაჰჩე, სტამბოლი, თურქეთი |
მოქალაქეობა | ოსმალეთის იმპერია → თურქეთი |
ეროვნება | ოსმალელი, თურქი |
დაკრძალულია | ანკარის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ანკარა (21 ნოემბერი, 1938 – 10 ნოემბერი, 1953) → ანითქაბირი, ანკარა (10 ნოემბერი, 1953-დან) |
პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური პარტია |
მამა | ალი რიზა ეფენდი |
დედა | ზიუბეიდე ჰანუმი |
მეუღლე | ლატიფე უშაქი |
ნათესავები | მაკბულე ათადანი (და) |
ჯილდოები | იხილეთ სია |
ხელმოწერა |
ათათურქი ცნობილი გახდა პირველი მსოფლიო ომის დროს, გალიპოლის ბრძოლაში (1915) ოსმალეთის იმპერიის გამარჯვების უზრუნველყოფის შემდეგ.[8] ოსმალეთის იმპერიის დამარცხებისა და დაშლის შემდეგ, ის სათავეში ჩაუდგა თურქეთის ეროვნულ მოძრაობას, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა მოკავშირეების მიერ თურქეთის დაყოფას ომში გამარჯვებულ მოკავშირეთა შორის. თურქეთის დღევანდელ დედაქალაქში, ანკარაში დროებითი მთავრობის შექმნით, მან დაამარცხა მოკავშირეების მიერ გაგზავნილი ძალები და ომიდან გამარჯვებული გამოვიდა, რომელსაც მოგვიანებით „თურქეთის ომი დამოუკიდებლობისთვის“ უწოდეს. შემდგომში მან გააუქმა უკვე დაშლილი ოსმალეთის იმპერია და მის ნაცვლად გამოაცხადა თურქეთის რესპუბლიკის დაარსების შესახებ.
ახლად ჩამოყალიბებული თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ამპლუაში, ათათურქმა წამოიწყო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული რეფორმების მკაცრი პროგრამა, რომლის საბოლოო მიზანი იყო თანამედროვე, პროგრესული და სეკულარული ეროვნული სახელმწიფოს აშენება. მან, დაწყებითი განათლება უფასო და სავალდებულო გახადა და ათასობით ახალი სკოლა გახსნა ქვეყნის მასშტაბით. ასევე შემოიღო ლათინურ ენაზე დაფუძნებული თურქული ანბანი, რომელიც შეცვალა ძველი ოსმალურის თურქული ანბანი. თურქმა ქალებმა თანაბარი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები მიიღეს ათათურქის პრეზიდენტობის დროს.[9] კერძოდ, №1580 კანონის საფუძველზე 1930 წლის 3 აპრილს ქალებს მიენიჭათ ხმის მიცემის უფლება ადგილობრივ არჩევნებზე და რამდენიმე წლის შემდეგ, 1934 წელს, სრული საყოველთაო ხმის უფლება მიიღეს.[10]
ათათურქის მთავრობა ატარებდა თურქიზაციის პოლიტიკას, რითაც ცდილობდა შეექმნა ერთგვაროვანი, ერთიანი და უპირველეს ყოვლისა სეკულარული ერი თურქული დროშის ქვეშ.[11][12][13] ათათურქის დროს, თურქეთში მცხოვრებ უმცირესობებს სთხოვდნენ საჯაროდ თურქულად ელაპარაკათ, მაგრამ ამავე დროს მათ მიეცათ უფლება შეენარჩუნებინათ საკუთარი მშობლიური ენა.[14] გვარის შესახებ კანონის მიხედვით არათურქულ ტოპონიმებს და უმცირესობებს დაევალათ თურქული გვარის მიღება.[15][16] 1934 წელს, თურქეთის პარლამენტმა მას გვარად „ათათურქი“ მიანიჭა, რაც ნიშნავს „თურქების მამას“, რაც მისი როლის აღიარება გახდა, რომელიც მან თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის მშენებლობაში შეიტანა.[17] ის 1938 წლის 10 ნოემბერს სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.[18] პრეზიდენტის პოსტზე ის პრემიერ-მინისტრმა, ისმეთ ინენიუმ შეცვალა და სახელმწიფო პანაშვიდი გადაუხადა მას.[19]
1981 წელს, ათათურქის დაბადების 100 წლისთავზე, მის ხსოვნას გაერომ და იუნესკომ პატივი მიაგო და მიმდინარე წელი მსოფლიოში „ათათურქის წლად“ გამოაცხადა, ასევე მიიღო რეზოლუცია ათათურქის 100 წლის იუბილეზე, სადაც ის აღწერილია, როგორც „მებრძოლ ლიდერად კოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ“ და „ხალხებს შორის ურთიერთგაგების გრძნობისა და მსოფლიოს ერებს შორის მტკიცე მშვიდობის შესანიშნავი წარმომჩენის, სადაც ის მთელი ცხოვრება მუშაობდა ხალხებს შორის ჰარმონიისა და თანამშრომლობის განსავითარებლად“.[20][21] ათათურქს ასევე მიენიჭა ჯილდო მსოლფიოში მშვიდობაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკისა და მეგობრობისთვის, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში, როგორებიცაა ირანი, იუგოსლავია, ერაყი და საბერძნეთი, ასევე ბალკანეთის პაქტის შექმნისთვის, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა ფაშისტური იტალიისა და ცარისტული ბულგარეთის ექსპანსიონიზმისთვის.[22]