ცაიშის საკათედრო ტაძარი
From Wikipedia, the free encyclopedia
ცაიშის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი (X–XI სს. მიჯნა, XII–XIV სს. მიჯნა) — ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის საკათედრო ტაძარი და საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო კათედრაა[1].
VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე აქ უკვე იყო საეპისკოპოსო კათედრა. 602-610 წლებს შორის შედგენილ საეპისკოპოსო კათედრათა ნუსხაში მოიხსენიება ცაიშის ეპარქია ლაზიკაში. ქართულ წყაროებში ამ საეპისკოპოსოს შესახებ უძველესი ცნობა X-XI საუკუნეთა მიჯნისაა. ეს არის საწინამძღვრო ჯვრის წარწერა, სადაც "ბაგრატ აფხაზთა მეფე და კურაპალატის” გვერდით იხსენიება ცაიშელი ეპისკოპოსი ეფრემი.
ცაიშში დღეს მდგარი გუმბათოვანი ტაძარი XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზეა აშენებული. მანამდე კი აქ X-XI საუკუნეთა მიჯნაზე აგებული დარბაზული ეკლესია მდგარა. თუ როგორი იყო ადრინდელი ტაძარი არ ვიცით. წყაროებში შემონახულია ცნობები XI საუკუნიდან 1823 წლამდე ოცამდე ცაიშელი ეპისკოპოსის შესახებ. მათ შორის ყველაზე ღვაწლმოსილნი ჩანან მალაქია II და გრიგოლ ჩიქოვანი (1777-1823).
1614 წელს მომხდარი დიდი მიწისძვრის შედეგად საშინლად დანგრეული ცაიშის ტაძარი მალე აღადგინა და შეამკო მეუფე მალაქიამ. მეუფე გრიგოლმა კი კაცია II დადიანის მხარდაჭერით შეძლო ეკლესიისათვის დაებრუნებინა თავადაზნაურთა მიერ მიტაცებული ყმა-მამული, ააშენა სამრეკლო და ტაძარს შემოავლო გალავანი. 1823 წელს რუსეთის ხელისუფლებამ სამეგრელოს სხვა საეპისკოპოსოებთან ერთად გააუქმა ცაიშის საეპისკოპოსოც. ამის შემდეგ 1879 წლამდე აქ იყო მონასტერი, შემდეგ კი სადეკანოზო, რომელშიც შედიოდა ზუგდიდის მაზრის 20 ეკლესია. ცაიშის ტაძარი განათლების მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ ეკლესიასთან იყო სკოლა.
ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსის ერთ-ერთი ძველი ნაგებობა გალავანის გარეთ, მის დასავლეთ მხარეშია მოთავსებული და იქვე ფერდობზე მიშენებული. მას „პალატს” უწოდებენ და ინტერიერის მიხედვით XI საუკუნის გვიან არ ათარიღებენ.
1989 წლიდან გაუქმებულ ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღდგა და მრევლიც გაჩნდა. ამ დროიდან სიცოცხლის ბოლომდე ტაძრის წინამძღვარი იყო ეპარქიის მოღძვართ-მოძღვარი აწ განსვენებული დეკანოზი ამირან შენგელია, რომელიც ტაძრის სამხრეთ კარიბჭესთანაა დაკრძალული. ამჟამად ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი ზაბულონ ქობალია.