ძველი ახლო აღმოსავლეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
ძველი ახლო აღმოსავლეთი — ტერმინი, რომელიც ასახავს ახლო აღმოსავლეთის ისტორიის პერიოდს, როდესაც წინაისტორიული კულტურებიდან ძველი ცივილიზაციების აღმოცენება და განვითარება მოხდა. გეოგრაფიულად მოიცავს მესოპოტამიას (თანამედროვე ერაყი, სამხრეთ-აღმოსავლეთი თურქეთი, სამხრეთ-დასავლეთი ირანი, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი სირია, ქუვეითი), ძველ ეგვიპტეს, ძველ ირანს (ელამი, მიდია, პართია, სპარსეთი), ანატოლიას (მცირე აზია), ლევანტს (თანამედროვე სირია, ლიბანი, პალესტინა, ისრაელი, იორდანია) და არაბეთის ნახევარკუნძულს, ასევე კვიპროსს და, ხშირად, სამხრეთ კავკასიასაც.
ახლო აღმოსავლეთი კაციობრიობის ცივილიზაციის აკვნადაა მიჩნეული. ამ რეგიონს უკავშირდება მსოფლიო ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენები: უადრესი მიწათმოქმედების, პირველი დამწერლობის, ქალაქური დასახლებების, რელიგიური და სამხედრო სისტემების, კანონმდებლობის, ფინანსური ანგარიშგების ჩასახვა და განვითარება. ძველი ახლო აღმოსავლეთის ისტორიის დასაწყისად ხშირად ძვ. წ. IV ათასწლეულში შუმერული კულტურის აღმოცენებას თვლიან. ის მოიცავს ბრინჯაოს და რკინის ხანას, დასასრულად კი ძვ. წ. VI საუკუნეში აქამენიანთა იმპერიის ექსპანსია ან ძვ. წ. IV საუკუნეში ალექსანდრე მაკედონელის გამოჩენა, ზოგჯერ კი ახ. წ. VII საუკუნეში ისლამის გავრცელება და არაბთა დაპყრობითი ომები სახელდება.