ბასტერ კიტონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯოზეფ ფრენკ კიტონი (ინგლ. Joseph Frank Keaton; დ. 4 ოქტომბერი, 1895 — გ. 1 თებერვალი, 1966),[2] სასცენო სახელით ცნობილია როგორც ბასტერ კიტონი (ინგლ. Buster Keaton) — ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი, კინორეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და კასკადიორი.[3] სახელი გაითქვა მუნჯ ფილმეში მონაწილეობით. მუდმივად სტოიკური, უემოციო გამომეტყველების წყალობით მიიღო ზედმეტსახელი „დიდებული ქვის სახე“.[4][5]
ბასტერ კიტონი | |
---|---|
დაბადების სახელი | ჯოზეფ ფრენკ კიტონი |
დაბადების თარიღი |
4 ოქტომბერი, 1895 პიკვე, კანზასი,აშშ[1] |
გარდაცვალების თარიღი |
1 თებერვალი, 1966 (70 წლის) ვუდლენდ-ჰილზი კალიფორნია, აშშ |
დაკრძალულია | ჰოლივუდ-ჰილზის სასაფლაო |
საქმიანობა | მსახიობი, კომიკოსი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, კასკადიორი |
აქტიური | 1898–1966 |
მეუღლე(ები) |
ნატალი ტოლმაჯი (იქ. 1921; განქ. 1932) მაე სკრივენი (იქ. 1933; განქ. 1936) ელეანორ ნორისი (იქ. 1940) |
შვილ(ებ)ი | 2 |
მშობლები |
მამა: ჯო კიტონი დედა: მაირა კიტონი |
ჯოზეფ ფრენკ კიტონი დაიბადა 1895 წლის 4 ოქტომბერს, მსახიობების — ჯო და მაირა კიტონების ოჯახში. სამი წლის ასაკში მშობლებთან ერთად თეატრში გამოდიოდა. მისი დებიუტი კინოში შედგა 1917 წელს ფილმში „ყასაბის დამხმარე“. ამას მოჰყვა კიდევ რამდენიმე როლი კინოში. შემდეგ რეჟისორის დამხმარედ მუშაობდა, პარალელურად იყო სცენარისტი და სპეცეფექტების დამდგმელი. 1918 წლის ივნისში ფრონტზე გაიწვიეს, სადაც 9 თვე გაატარა საფრანგეთში მე-40 ქვეითი დივიზიის შემადგენლობაში. ფრონტზე ყოფნისას ყურის ინფექცია შეეყარა, რამაც სამუდამოდ დაუქვეითა სმენა. ომიდან დაბრუნების შემდეგ რეჟისორობას მიჰყო ხელი. საყოველთაო აღიარება მოიპოვა პირველივე მოკლემეტრაჟიანი ფილმით „ერთი კვირა“ (1920).
ყველაზე მეტად დაფასებულია მის მიერ 1920-იან წლებში შექმნილი ფილმები, რომელთა შორისაა „უმცროსი შერლოკი“ (1924), „გენერალი“ (1926) და „ოპერატორი“ (1928).[6] მსახიობ ორსონ უელსის თქმით — „გენერალი“, ეს იყო კინემატოგრაფიის უმაღლესი მწვერვალი კომედიის სფეროში, და შესაძლოა, უდიდესი ფილმი, რაც კი ოდესმე შექმნილა“.[7][8][9][10]
კრიტიკოსი როჯერ ებერტი წერდა: „1920 წლიდან 1929 წლამდე კიტონი შეუსვენებლად მუშაობდა რიგი ფილმების სერიებზე, რამაც აქცია იგი უდიდეს მსახიობ-რეჟისორად კინოს ისტორიაში.“[5]
1996 წელს ჟურნალმა Entertainment Weekly ბასტერ კიტონს ყველა დროის საუკეთესო კინორეჟისორებს შორის მეშვიდე ადგილი მიუჩინა.[11] 1999 წელს ამერიკის კინოინსტიტუტმა იგი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კინომსახიობად დაასახელა. 1959 წელს ბასტერ კიტონს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილსთვის საპატიო ოსკარი გადაეცა.[12]