ლენდ-ლიზი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლენდ–ლიზი (ინგლ. lend — გასესხება და lease — იჯარით გაცემა) — სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ამერიკის შეერთებული შტატები ამარაგებდა მოკავშირეებს (გაერთიანებულ სამეფოს, საბჭოთა კავშირს, ჩინეთს, საფრანგეთსა და სხვ.) დიდი რაოდენობით შეიარაღებით, საბრძოლო მასალით, სამედიცინო საშუალებებით, სურსათითა და სტრატეგიული ნედლეულით, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა მოკავშირეების მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში.
სანაცვლოდ, ბრიტანეთისაგან შტატებმა მიიღო სამხედრო ბაზები ნიუფაუნდლენდში, ბერმუდის კუნძულებსა და კარიბის ზღვაში. პროგრამა დაიწყო 1941 წლის მარტში, ომის დაწყებიდან 18 თვის შემდეგ.
პროგრამის ფარგლებში ამერიკამ გასცა 50.1 მილიარდი დოლარის (2022 წლის ფასებით, დაახლოებით 700 მილიარდის ეკვივალენტი) ღირებულების დახმარება: 31.4 მილიარდი ბრიტანეთს, 11.3 მილიარდი საბჭოთა კავშირს, 3.2 მილიარდი საფრანგეთს და 1.6 მილიარდი ჩინეთს. საპირისპიროდ ლენდ–ლიზმა (მოკავშირეთა მიერ აშშ–სთვის გაწეული დახმარება) შეადგინა 7.8 მილიარდი დოლარი, აქედან 6.8 მილიარდი მოდის ბრიტანეთსა და თანამეგობრობის ქვეყნებზე.
ლენდ-ლიზმა გადამწყვეტი როლი შეასრულა მოკავშირეების მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში. 1943 წლის თეირანის კონფერენციის დროს უინსტონ ჩერჩილის იუბილეს აღსანიშნავად გამართული საზეიმო ვახშმის დროს სტალინმა წარმოთქვა სადღეგრძელო, რომელშიც აშშ-ს „მანქანების ქვეყანა“ უწოდა და განაცხადა, რომ „ამ მანქანების გარეშე, რომლებიც ლენდ-ლიზით მოგვაწოდეთ, ამ ომს წავაგებდით“.[1][2][3][4]