დირექტორიის წევრების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
აღმასრულებელი დირექტორია (ფრანგ. Directoire exécutif) — საფრანგეთის პირველი რესპუბლიკის მთავრობა III წლის კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც მიიღო ეროვნულმა კონვენტმა 1795 წელს საფრანგეთის რევოლუციის დასკვნით ეტაპზე. დირექტორია არსებობდა 1795 წლის 26 ოქტომბრიდან (4 ბრიუმერი, IV წელი) 1799 წლის 9 ნოემბრამდე (18 ბრიუმერი, VIII წელი). დირექტორია შედგებოდა 5 წევრისაგან. დირექტორიის სხდომის ქვორუმი იყო 3 წევრი. აღმასრულებელი დირექტორიის კანდიდატები უნდა დასახელებულიყო ხუთასთა საბჭოს მიერ და აირჩეოდა უხუცესთა საბჭოს მიერ 5 წლის ვადით, ხელახალი არჩევის უფლების გარეშე. აღმასრულებელი დირექტორიის წევრი შეიძლებოდა ყოფილიყო მოქალაქე 40 წლის ასაკის ზევით, რომელიც უნდა ყოფილიყო საკანონმდებლო კორპუსის წარმომადგენელი, ან მინისტრი. დირექტორიის ყველა წევრს შეეძლო მორიგეობით ყოფილიყო დირექტორიის პრეზიდენტი სამი თვის განმავლობაში. დირექტორიის პრეზიდენტის თანამდებობა ცერემონიალური იყო და მის მფლობელს არანაირ დამატებით უფლებებს არ აძლევდა. პრეზიდენტი ინახავდა ბეჭედს, ეროვნულ დღესასწაულებზე გამოდიოდა სიტყვით და დირექტორიის გადაწყვეტილებებზე პირველი აწერდა ხელს.[1][2][3]
18 ბრიუმერის გადატრიალების შემდეგ (1799 წლის 9 ნოემბერი) დირექტორიას ჩამოერთვა ძალაუფლება, დამყარდა ახალი პოლიტიკური რეჟიმი (კონსულობა) ნაპოლეონ ბონაპარტის მეთაურობით.[4]