ერევანი
სომხეთის დედაქალაქი / From Wikipedia, the free encyclopedia
ერევანი (სომხ. Երևան ან Երեւան; ყოფილი სახელები ერებუნი[2] და ერივანი) — სომხეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს მდინარე რაზდანზე, კოორდინატებით 40°10′N 44°31′E. ერევანი დაახლოებით 2780 წლისაა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. 2011 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 1 060 138 ადამიანი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ერევანი Երևան (Երեւան) | |||||
| |||||
ქვეყანა | სომხეთი | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
შიდა დაყოფა | აჯაპნიაკის რაიონი, არაბკირის რაიონი, ავანის რაიონი, დავთაშენის რაიონი, ერებუნის რაიონი, კენტრონის რაიონი, მალათია-სებასტიის რაიონი, ნორ-ნორკის რაიონი, ნორკ-მარაშის რაიონი, ნუბარაშენის რაიონი, კანაკერ-ზეითუნის რაიონი და შენგავითის რაიონი | ||||
კოორდინატები | 40°10′11″ ჩ. გ. 44°31′12″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | ერვანდ ზახარიანი | ||||
დაარსდა | ძვ. წ. 782 | ||||
პირველი ხსენება | 782 BCE | ||||
ფართობი | 227 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 989.4 მ | ||||
ოფიციალური ენა | სომხური ენა | ||||
მოსახლეობა | 1 060 138[1] კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 4,896 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +374 (10), +374 (60) | ||||
საფოსტო ინდექსი | 0001—0099 | ||||
ოფიციალური საიტი | yerevan.am | ||||
ერევანი სომხეთის დედაქალაქია 1918 წლიდან, ის რიგით მე-14 ისტორიული დედაქალაქია და მეშვიდეა იმათგან, რომლებიც არარატის ვაკეზე მდებარეობენ. აქ არის არარატის ეპარქია, სომხური სამოციქულო ეკლესიის ყველაზე დიდი ეპარქია და ერთ-ერთი ყველაზე ძველი ეპარქია მსოფლიოში.
ერევნის ისტორია სათავეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII საუკუნეში იღებს, როცა არგიშთი I-მა არარატის ვაკის დასავლეთ კიდეზე ციხე-სიმაგრე ერებუნი აღმართა. ეს მოხდა ძვ. წ. 782 წელს. ერებუნი შეიქმნა როგორც „დიდებული ადმინისტრაციული და რელიგიური ცენტრი, სავსებით სამეფო დედაქალაქი“. გვიანდელ დიდი სომხეთის სამეფოში ახალი დედაქალაქები იქმნებოდა, რამაც შეასუსტა ერევნის მნიშვნელობა. ირანისა და რუსეთის უღელქვეშ, ერევანი იყო ჯერ ერევნის სახანოს ცენტრი 1736-დან 1828 წლამდე და შემდეგ ერევნის გუბერნიის ცენტრი 1850-დან 1917 წლამდე. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერევანი გახდა სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი, სადაც სომხების გენოციდს გადარჩენილმა ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. ქალაქი სწრაფად გაფართოვდა XX საუკუნეში, ვინაიდან სომხეთი გახდა საბჭოთა კავშირის წევრი. სულ რამდენიმე ათწლეულში ერევანი გადაიქცა რუსეთის იმპერიაში შემავალი პროვინციული ქალაქიდან, სომხეთის ძირითად კულტურულ და ინდუსტრიულ ცენტრად.