თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში. 1917 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ახლანდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორია თბილისის მაზრაში შედიოდა, 1921-1929 წლებში ისევ თბილისის მაზრაშია, 1930 წლიდან თბილისის ოლქშია, როგორც აღბულაღის რაიონი, თეთრიწყაროს რაიონი კი ეწოდა 1940 წელს. ამჟამად მუნიციპალიტეტი. ადმინისტრაციული ცენტრი თეთრიწყარო.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | ქვემო ქართლის მხარექვემო ქართლის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | თეთრიწყარო | ||||
კოორდინატები | 41°25′00″ ჩ. გ. 44°18′00″ ა. გ. | ||||
ფართობი | 1174.5 კმ² კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 21 000 (2016) | ||||
სიმჭიდროვე | 21,6[1] კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 82,47 % აზერბაიჯანელები 7,33 % სომხები 7,31 % რუსები 1,31 % ბერძნები 0,88 %[2] | ||||
ოფიციალური საიტი | tetritskaro.gov.ge | ||||
| |||||
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრები აქვს. სამხრეთით ესაზღვრება ბოლნისის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით საზღვრავს წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთით საზღვრავს გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით კი კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტის ფართობია 1174,5 კმ².[3][4]
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი მთა-გორიანი რელიეფით ხასიათდება. აქ გაბატონებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12 °C-ია (ბარში) 2 °C-მდე (მთაში) მერყეობს ზონალობის მიხედვით. წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის, ტემპერატურა უდრის 0 °C-ს ბარში და -10 °C მთაში, ხოლო ყველაზე თბილი თვის, ივლისის, ჰაერის ტემპერატურა უდრის 15 °C მთაში და 24 °C ბარში. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 500 მმ-დან (ბარში) 900 მმ-მდეა (მთაში). ნალექების მაქსიმუმი მაისშია (119 მმ), ხოლო მინიმუმი — დეკემბერში (30 მმ).[3]
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელი მდინარე მტკვრის აუზს მიეკუთვნება. სამხრეთ ნაწილში მიედინება მდინარე ხრამი, რომლის სიგრძე მუნიციპალიტეტის ფარგლებში 22 კმ-ია. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა ალგეთი. მდინარე ალგეთის შუა დინებაში შექმნილია ალგეთის წყალსაცავი, რომელსაც საირიგაციოდ იყენებენ. ბედენის პლატოზე არის რამდენიმე მცირე ტბა.[3]
2014 წლის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 21 127 ადამიანს შეადგენდა. მუნიციპალიტეტში 88 დასახლებული პუნქტია (მათგან 6 პუნქტი დაცლილია). მათ შორის 1 ქალაქია. მუნიციპალიტეტის ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 4200 ადამიანს, ხოლო სოფლის — 23 400 ადამიანს. ანუ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 85 % სოფლად ცხოვრობს. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 23 კაცი/კმ², რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს საკმაოდ ჩამოუვარდება.[3]
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით არის 4 300 000 ლარი. ეკონომიკის ძირითადი სექტორებია სოფლის მეურნეობა და მცირე მეწარმეობა (ძირითადად ვაჭრობა და საყოფაცხოვრებო მომსახურება). წარსულშიც ძირითადი შემოსავლები უზრუნველყოფილი იყო სოფლის მეურნეობით, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოებით და ქვის მოპოვება-დამუშავებით.[3]