ლიონელ მესის სანაკრებო მატჩები და გოლები
სტატია-სია ვიკიმედიაში / From Wikipedia, the free encyclopedia
ლიონელ მესი — ყველა დროის აბსოლუტური რეკორდსმენი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩებისა და გატანილი ბურთების რაოდენობის მიხედვით — თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსებას 2005 წლიდან იცავს. მას შემდეგ მან 2023 წლის 21 ნოემბრის მონაცემებით „ალბისელესტეს“ შემადგენლობაში 180 მატჩი ჩაატარა და 106 ბურთი გაიტანა.[1][2]
მესი ეროვნულ ნაკრებში პირველად ხოსე პეკერმანმა მიიწვია, რომელიც „ალბისელესტეს“ 2004 წლის ოქტომბრიდან 2006 წლის ივნისის ჩათვლით ედგა სათავეში. მან ამ პოსტზე ცნობილი არგენტინელი ფეხბურთის სპეციალისტი მარსელო ბიელსა შეცვალა. პეკერმანის ხელმძღვანელობით არგენტინელებმა 27 შეხვედრა გამართეს, რომელთაგან 14 მოიგეს, 6 დათმეს და 7 ფრედ დაამთავრეს.
მესის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2005 წლის 17 აგვისტოს საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში უნგრეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა. მატჩი ბუდაპეშტის ფერენც პუშკაშის სტადიონზე გაიმართა და მას 27 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. არგენტინელთა ღირსებას იცავდნენ: ლეო ფრანკო, რობერტო აიალა, გაბრიელ ჰაინცე, ლუკას ბერნარდი, ანდრეს დ'ალესანდრო,[კომ. 1] ლუჩო გონსალესი,[კომ. 2] მაქსი როდრიგესი, ლიონელ სკალონი, ხუან პაბლო სორინი, ერნან კრესპო, ლისანდრო ლოპესი. მესი შეხვედრის 64-ე წუთზე ლისანდრო ლოპესის ნაცვლად შემოვიდა მოედანზე, თუმცა თამაშში ჩართვიდან ნახევარ წუთში მეტოქესთან ორთაბრძოლისას წესების დარღვევისთვის შეხვედრის მსაჯისგან წითელი ბარათი მიიღო და მინდორი დატოვა.[კომ. 3][3] შეხვედრა არგენტინელთა გამარჯვებით 2–1 დამთავრდა.[4]
თავისი პირველი სანაკრებო გოლი 2006 წლის 1 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ხორვატიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მეკარე სტიპე პლეტიკოსას კარში მატჩის მეექვსე წუთზე გაიტანა. შეხვედრა ბაზელის „სანქტ-იაკობ პარკის“ სტადიონზე გაიმართა და მას 13 138 მაყურებელი დაესწრო. არგენტინელთა ღირსებას იცავდნენ: რობერტო აბონდანსიერი, ნიკოლას ბურდისო, ვალტერ სამუელი, ფაბრისიო კოლოჩინი,[კომ. 4] მარტინ დემიკელისი, ესტებან კამბიასო, ლეონარდო პონსიო, ხუან რომან რიკელმე, ლიონელ მესი, ერნან კრესპო,[კომ. 5] კარლოს ტევესი.[კომ. 6] შეხვედრა ხორვატებმა 3–2 მოიგეს.[5]
2006 წლის 16 ივნისს სერბეთისა და მონტენეგროს ეროვნული ნაკრების[კომ. 7]კარში გატანილი ბურთის წყალობით, მესი გახდა არგენტინის ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა შეძლო 18 წლის და 357 დღის ასაკში.[6][7]
1996 წლიდან 2016 წლამდე მეტოქეთა კარში გატანილი 54 ბურთით — არგენტინის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირის წოდებას გაბრიელ ბატისტუტა ფლობდა.
2016 წლის 21 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ კოპა ამერიკის ნახევარფინალში ლიონელ მესის მიერ მასპინძელთა ეროვნული გუნდის კარში გატანილი ბურთით მან ოცი წლის განმავლობაში მოქმედი ბატისტუტას რეკორდი გააუმჯობესა და არგენტინის ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.[8][კომ. 8][9][10]
მესის სანაკრებო კარიერაში ეს ისტორიული მატჩი ჰიუსტონის ენ-არ-ჯი სტადიონზე[კომ. 9] შედგა და მას 70 858 მაყურებელი დაესწრო. არგენტინელთა ღირსებას იცავდნენ: სერხიო რომერო, რამირო ფუნეს მორი, გაბრიელ მერკადო, ნიკოლას ოტამენდი, მარკოს როხო,[კომ. 10] ხავიერ მასკერანო, ევერ ბანეგა, აუგუსტო ფერნანდესი,[კომ. 11] ლიონელ მესი, გონსალო იგუაინი, ესეკიელ ლავესი.[კომ. 12] შეხვედრა არგენტინელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით — 4–0 დამთავრდა.[11]
2021 წლის 9 სექტემბერს ბოლივიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრაში მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა და თავისი სანაკრებო გოლებიდან რიგით 77-ე, 78-ე და 79-ე ბურთი გაიტანა, რითაც 1971 წლის 11 ივლისიდან — 50 წლის განმავლობაში მოქმედი პელეს რეკორდი მოხსნა და ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო სამხრეთამერიკელი სანაკრებო ბომბარდირის წოდება დაისაკუთრა.[12]
მატჩი ბუენოს-აირესის „ელ მონუმენტალზე“ გაიმართა და მას 17 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. არგენტინელთა ღირსებას იცავდნენ: ხუან მუსო, ნიკოლას ოტამენდი,[კომ. 13] ხერმან პესელია, მარკოს აკუნია, როდრიგო დე პაული,[კომ. 14] ანხელ დი მარია,[კომ. 15] ალეხანდრო გომესი,[კომ. 16] ლეანდრო პარედესი, ლიონელ მესი და ლაუტარო მარტინესი.[კომ. 17][13]
2023 წლის 15 ივნისის მონაცემებით მესის ანგარიშზეა რვა სანაკრებო ჰეთ-თრიკი და ერთი პენტა-თრიკი (5 გოლი ერთ მატჩში).[14] ყველაზე მეტი ბურთი მას ბოლივიის ეროვნული ნაკრების კარში აქვს გატანილი — 2015 (2), 2016 (1), 2021 (5). საერთო ჯამში ბოლივიელთა კარის აღება მან რვაჯერ შეძლო.