მარია ლუისა ესპანელი (1782-1824)
From Wikipedia, the free encyclopedia
მარია ლუისა ესპანელი (ესპ. María Luisa de España, იტალ. Maria Luisa di Spagna; დ. 6 ივლისი, 1782 — გ. 13 მარტი, 1824) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანელი ინფანტა. ესპანეთის მეფე კარლ IV-ისა და დედოფალ მარია ლუიზა პარმელის შუათანა ქალიშვილი. 1795 წელს ცოლად გაჰყვა პარმის პრინც ლუდოვიკოს. მან თავისი ქორწინების პირველი წლები ესპანეთის სამეფო კარზე გაატარა, სადაც დაიბადა მათი ვაჟი კარლო.
მარია ლუისა ესპანელი | |
---|---|
ეტრურიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 21 მარტი, 1801 |
მმართ. დასასრული: | 27 მაისი, 1803 |
წინამორბედი: | ლუიზა მარია ნეაპოლელი |
მემკვიდრე: | მარია ფერდინანდა საქსონიელი |
ლუკას ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 9 ივნისი, 1815 |
მმართ. დასასრული: | 13 მარტი, 1824 |
წინამორბედი: | ელიზა ბონაპარტი |
მემკვიდრე: | კარლო II პარმელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 6 ივლისი, 1782 |
დაბ. ადგილი: | სეგოვია, ესპანეთი |
გარდ. თარიღი: | 13 მარტი, 1824, (41 წლის) |
გარდ. ადგილი: | რომი, იტალია |
დაკრძ. ადგილი: | ესკორიალის ბაზილიკა, მადრიდი, ესპანეთი |
მეუღლე: | ლუდოვიკო I, ეტრურიის მეფე |
შვილები: |
კარლო II, პარმის ჰერცოგი მარია ლუიზა კარლოტა, საქსონიის პრინცესა |
სრული სახელი: | მარია ლუისა ხოსეფინა ანტონიეტა ვისენტა დე ბურბონ ი ბურბონ-პარმა |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | კარლ IV, ესპანეთის მეფე |
დედა: | მარია ლუიზა პარმელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
1801 წელს დადებული არანხუესის ხელშეკრულების საფუძველზე მისი ქმარი ეტრურიის (თანამედროვე ტოსკანის ტერიტორია) მეფე ხდება. შესაძლოა ითქვას, რომ ტოსკანის გადაცემით ფრანგებმა ლუდოვიკოს აუნაზღაურეს მათ მიერ პარმის ტახტის მიტაცება. ამის შემდეგ ისინი ფლორენციაში გადასახლდნენ, მათი ახალი სამეფო კი ოფიციალურად 1801 წლის აგვისტოში შეიქმნა. ამ ვიზიტის დროს 1802 წელს მარია ლუისამ თავისი მეორე შვილი გააჩინა. მისი ქმრის მმართველობა ეტრურიაში დიდხანს არ გაგრძელებულა. იგი იტალიაში ჩასვლისთანავე მძიმედ დაავადდა და 1803 წელს გარდაიცვალა 30 წლის ასაკში. ამის შემდეგ ეტრურიის მეფე მათი ვაჟი კარლო II ხდება, რომლის რეგენტადაც მარია ლუისა გვევლინება. რეგენტობის პერიოდში იგი ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა როგორმე ახალი ადმინისტრაციული რეფორმებით ეტრურია გაეძლიერებინა და გამკლავებოდა ნაპოლეონ ბონაპარტის მუდმივ შემოჭრებს. საბოლოოდ 1807 წლის ოქტომბერში გაფორმდა ფონტენბლოს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ეტრურია ნაპოლეონის დომენში გადადიოდა.
მას შემდეგ, რაც ეტრურიის შემდეგ ნაპოლეონმა მილანიც აიღო (სადაც იყო გაქცეული მარია ლუისა), იგი თავის შვილებთან ერთად ესპანეთში დაბრუნდა. ამ დროისათვის თავად ესპანეთის სამეფო ოჯახშიც არ იყო სტაბილური მდგომარეობა. სამეფო რეზიდენცია არანხუესში იყო გადატანილი, მეფე კარლს კი თავის თანამმარველად მარია ლუისას ძმა, ფერდინანდ VII დაენიშნა. მალევე ნაპოლეონი ბაიონიდან ესპანეთშიც შეიჭრა, სადაც 1808 წლის 2 მაისს დაამხო კარლ IV-ის მმართველობა და ესპანეთის მეფედ თავისი ძმა, ჟოზეფ I დასვა. კვლავ ფრანგული ოკუპაციის გამო მარია ლუისამ თავის ოჯახთან ერთად დატოვა ესპანეთი. ესპანეთიდან გაქცევის შემდეგ სამეფო ოჯახმა თავი რომის პაპს შეაფარა.
მას შემდეგ რაც 1814 წელს ნაპოლეონი დაამხეს და მისი დაპყრობილი ქვეყნები განთავისუფლდნენ, მარია ლუისა კვლავ ეტრურიის დედოფლად მოიხსენიებოდა, თუმცა ამ დროს ეტრურია როგორც სამეფო უკვე აღარ არსებობდა. ამ დროისათვის იგი კვლავ რომში რჩებოდა და იმედოვნებდა თავისი ვაჟისათვის ტახტის მოპოვებას. მალევე ვენის კონგრესზე აღადგინეს პარმის საჰერცოგო, რომლის ტახტიც კვლავ მარია ლუისას ვაჟს დაუბრუნდა, თავად მარია ლუისას კი პატარა ლუკას საჰერცოგო უბოძეს სამართავად. 1817 წლის დეკემბერში მან უარი განაცხადა ლუკაში ჩასვლასა და მის მმართველობაზე, რის გამოც საჰერცოგოს მართვა მისმა ადგილობრივმა მთავრობამ აიღო თავის თავზე. თავად მარია ლუისამ თავისი უკანასკნელი წლები რომში გაატარა და აქვე გარდაიცვალა 1824 წელს, 41 წლის ასაკში.