სმოგი
From Wikipedia, the free encyclopedia
სმოგი (ინგლ. Smog) — ჰაერის დაბინძურების ტიპი; შავი სქელი ნისლი, რომელიც წარმოიქმნება ბოლისა და ჭვარტლისაგან დიდ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში.[1] სიტყვა „სმოგი“ ხმარებაში შემოვიდა XX საუკუნის დასაწყისში და ტერმინების — კვამლისა (ინგლ. Smoke) და ნისლის (ინგლ. Fog) შერწყმის შედეგია.[2] იმ დროს „სმოგი“ იყო ქალაქ ლონდონში გავრცელებული ცნობილი და სერიოზული პრობლემის, ეგრეთ წოდებული „შავი ნისლის“ აღმნიშვნელი ტერმინი, რომელიც მძლავრად იყო გამოხატული ბრიტანეთში დაწყებული XIX საუკუნიდან დამთავრებული XX საუკუნის შუა ხანებამდე. სმოგის ასეთი ტიპის წარმოქმნის მიზეზებია: ქალაქში დიდი რაოდენობით ნახშირის წვა; ამასთანავე იგი შეიცავს ნისლის ნაწილაკების ჭვარტლს, გოგირდის ოქსიდებსა და სხვა კომპონენტებს. თანადროული სმოგი, ისეთი, როგორიც მაგ., ქალაქ ლოს-ანჯელესშია გამოხატული, წარმოადგენს ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ სახეს და წარმოიქმნება ავტომობილთა გამონაბოლქვების, შიდა წვის ძრავისა და საწარმოო აირების გამოყოფის შედეგად.