აფხაზთა სამეფო
ერთ-ერთი ქართული ფეოდალური სახელმწიფო VIII საუკუნის ბოლოდან (დაახლ. 798) X საუკუნის 70-იანი წლების ბოლო / From Wikipedia, the free encyclopedia
აფხაზთა სამეფო — ერთ-ერთი ქართული ფეოდალური სამეფო VIII საუკუნის ბოლოდან (დაახლ. 798) X საუკუნის 70-იანი წლების ბოლომდე (დაახლ. 978). წარმოიქმნა დასავლეთ საქართველოს (ეგრისისა და აფხაზეთის) გაერთიანების შედეგად. წყაროებში ხშირად აფხაზთა მეფეები ეგრისის მეფეებად, ხოლო „აფხაზთა სამეფო“ ეგრისის სამეფოდ იწოდება, ამიტომ ლიტერატურაში მას ეგრის-აფხაზეთის სამეფოსაც უწოდებენ.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აფხაზეთი (მრავალმნიშვნელოვანი). |
აფხაზთა სამეფო | |||||
| |||||
დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის სამეფო) დროშა შუა საუკუნეებში. დაფუძნებულია კატალონიელი კარტოგრაფის, გაბრიელ დე ვალსეკას რუკაზე. | |||||
აფხაზთა სამეფო (850–950), ტერიტორიული ექსპანსიის პიკში.
აფხაზთა სამეფო
მოხარკეები და გავლენების სფერო
| |||||
დედაქალაქი | ანაკოფია (778-786)
ქუთაისი (786-1008) | ||||
ენები | ქართული ბერძნული (IX საუკუნემდე)[1] | ||||
რელიგია | აღმოსავლეთის ქრისტიანობა (აფხაზეთის საკათალიკოსო)[2] | ||||
მთავრობა |
| ||||
არქონტი[3] | |||||
- | ~510–530 | ანოსი (პირველი) | |||
- | ~745–767 | ლეონ I (ბოლო) | |||
მეფე | |||||
- | 767–811 | ლეონ II (პირველი) | |||
- | 978–1014 | ბაგრატ II (ბოლო) | |||
ისტორიული ერა | ადრეული შუა საუკუნეები | ||||
- | ბიზანტიისგან დამოუკიდებლობის გამოცხადება | 778 | |||
- | ერთიან ქართულ სახელმწიფოში გაერთიანება | 1008 | |||
ვალუტა | სხვადასხვა ბიზანტიური და არაბული მონეტები[4] | ||||
დღეს ამ ტერიტორიაზე | საქართველო რუსეთი თურქეთი | ||||
VII-VIII საუკუნეებში, ეგრისის დასუსტების პერიოდში, გაძლიერდა აბაზგიის სამთავრო, რომელშიც გაერთიანდნენ აბაზგები, აფშილები, სანიგები, მისიმიელები. ამ ტომთა ერთობლიობას ქართული წყაროები აფხაზებს უწოდებენ, ხოლო აბაზგიის მთავარს — აფხაზთა მთავარს ან აფხაზთა ერისთავს. VIII საუკუნეში აფხაზი მთავრები გახდნენ არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზატორები დასავლეთ საქართველოში.
VIII საუკუნის II ნახევარში მთელი საქართველოს მასშტაბით გაძლიერდა გამაერთიანებელი ტენდენციები. ამ დროს ქართლში არაბებმა ქართლის ერისმთავართა ხელისუფლება დიდად შეავიწროვეს. ქართლის ერისმთავართა ხელისუფლება უფრო რეალური ეგრისში იყო. მათი და აფხაზეთის მთავრების მოქმედება შეთანხმებული ჩანს აფხაზეთ-ეგრისის გაერთიანების საქმეში. ჯუანშერის ცნობით, ამ პერიოდში ქართლის ერისმთავართა სახლს მამაკაცი მემკვიდრე არ ჰყავდა. ერისმთავარმა არჩილმა თავისი გარდაცვლილი ძმის მირის ასული გურანდუხტი ცოლად შერთო აფხაზთა მთავარს ლეონ I-ს. ამით ლეონი ქართლის ერისმთავრის ვასალი გახდა და სიძობით დაიმკვიდრა ეგრისი. არჩილმა მას გადასცა ბიზანტიის იმპერატორისაგან მირისთვის გამოგზავნილი გვირგვინი, რაც სიმბოლურად და რეალურად ეგრის-აფხაზეთის გაერთიანებას ნიშნავდა.
ამრიგად ლეონ I-ის ხელისუფლების ქვეშ გაერთიანდა აფხაზთა სამთავრო და ეგრისი (ლაზეთი). ეგრის-აფხაზეთის სამთავრო გადაიჭიმა ნიკოფსიიდან ჭოროხის ხეობამდე. ამ ეტაპზე ეგრის-აფხაზეთის გაერთიანებას მხარს უჭერდა ბიზანტიის იმპერიაც, რადგან აფხაზთა ძლიერი სამთავრო არაბთა სახალიფოს წინააღმდეგ მებრძოლ რეალურ ძალად ესახებოდა.
ლეონ I-ის ძმისშვილმა ლეონ II-მ (778-792 წწ.) ისარგებლა ბიზანტიის იმპერიის დასუსტებით, დაიხმარა თავისი ნათესავი (პაპა დედის მხრიდან) ხაზართა ხაკანი, განთავისუფლდა იმპერიის ვასალობისაგან, გააერთიანა მთელი დასავლეთ საქართველო ლიხის მთამდე და მიიღო აფხაზთა მეფის ტიტული. დასავლეთ საქართველოს გაერთიანების საქმეში ლეონ I და ლეონ II ეყრდნობოდნენ დასავლეთ საქართველოს ქართული მოსახლეობისა და მმართველი წრეების ცენტრალიზაციის მომხრე ნაწილს, აგრეთვე აფხაზეთის სამთავროს ძალებსაც. ამ პროცესში ძირითადი ძალა ქართული მოსახლეობა იყო, რომლის როლმა და მნიშვნელობამ განაპირობა ის გარემოება, რომ ამ სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის შუაგულში მდებარე რეზიდენცია, ძველი ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ცენტრი ქუთაისი. ლეონ II იმიტომ იწოდა აფხაზთა მეფედ, რომ დინასტია აფხაზეთიდან (აფხაზთა სამთავროდან) იყო გამოსული. აფხაზთა მეფეების ეთნიკური კუთვნილება არ არის ცნობილი. ზოგი მათ აფხაზებად თვლის, ზოგი ქართველებად, ზოგი ბერძნებად. მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა, ამ მეფეთა სახელმწიფოებრივი პოლიტიკა აშკარად ქართული იყო. პოლიტიკური მრწამსით, სახელმწიფოებრივი მოღვაწეობით, კულტურით ისინი ქართველები იყვნენ.
„აფხაზთა სამეფოს“ მოსახლეობის უმრავლესობა, ქართველები (ქართები, მეგრელები, სვანები) იყვნენ. მნიშვნელოვან წილს შეადგენდნენ აფხაზები და კავკასიის სხვა ხალხები და ტომები (მაგ. ჯიქები). სახელმწიფო და მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სალაპარაკო ენა ქართული იყო.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით „აფხაზთა სამეფო“ დაყოფილი იყო 8 ადმინისტრაციულ ერთეულად: აფხაზეთის, ცხუმის, ეგრისის (ცენტრი ბედია), სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, ვაკე იმერეთის (ცენტრი ქუთაისი) და არგვეთის (ცენტრი შორაპანი).
ბიზანტიის იმპერია ცდილობდა თავისი სიუზერენიტეტის აღდგენას დასავლეთ საქართველოში, მაგრამ ყველა მისი ცდა (IX საუკუნის 30-40-იანი წლები) უშედეგოდ დამთავრდა. შემდეგ იმპერიამ ტაქტიკა შეიცვალა და ცდილობდა დასავლეთ საქართველოზე თავისი გავლენა შეენარჩუნებინა. ამ მიზნით ის აქტიურად ერეოდა ტახტის მემკვიდრეთა შორის ბრძოლაში, ზოგჯერ კი თვითონაც აღვივებდა მას. მაგ., 868 წელს მეფე გიორგი I-ის მემკვიდრეებს ტახტი წაართვეს შავლიანებმა. 20 წლის მანძილზე „აფხაზთა სამეფო“ ტახტი ივანე და ადარნასე შავლიანებს ეკავათ. გიორგის ვაჟი ბაგრატი ბიზანტიის იმპერიაში გაიქცა, რომლის დახმარებითაც 881 წელს ტახტი დაიბრუნა. იმპერია აქტიურად ჩაება X საუკუნის 60-იან წლებში მეფე გიორგი II-ის შვილებს შორის ატეხილ ბრძოლაში, მაგრამ თავისი გავლენის აღდგენა ვეღარ მოახერხა.
აქტიურად იბრძოდა „აფხაზთა სამეფო“ არაბთა სახალიფოს წინააღმდეგაც. მას შემდეგ რაც არაბთა სახალიფო იძლებული შეიქნა საბოლოოდ აეღო ხელი დასავლეთ საქართველოს დამორჩილებაზე, აფხაზთა მეფეები ხშირად თავად ებრძოდნენ ხალიფის სარდლებს აღმოსავლეთ საქართველოში, მაგ., 853 წელს ბუღა თურქის წინააღმდეგ აფხაზთა მეფეც იბრძოდა თავისი ლაშქრით.
დასავლეთ საქართველო ეკლესიურად თავიდან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში შედიოდა, რის გამოც მღვდელმსახურება ბერძნულ ენაზე სრულდებოდა. მცხეთის საკათალიკოსო ტახტი ქართულ მოსახლეობაზე და ქართულ ენაზე დაყრდნობით ცდილობდა დასავლეთ საქართველო თავის სამწყსოში შეეყვანა, მაგრამ ვიდრე იქ ბიზანტია ბატონობდა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან დაპირისპირება ძნელი იყო. პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აფხაზთა მეფეებმა მცხეთის ტახტის ხელშეწყობით იწყეს აქტიური ძალისხმევა ეკლესიის კონსტანტინოპოლისაგან გამოსაყოფად და მცხეთის საკათალიკოსოსთან შესაერთებლად. ამ პროცესებისათვის ხელსაყრელ პირობას ქმნიდა ის გარემოება, რომ დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილი ეკლესიურად მცხეთის ტახტს ექვემდებარებოდა.
ბიზანტიის გავლენა, ბერძნული კულტურა ღრმად იყო შეჭრილი დასავლეთ საქართველოში. პოლიტიკური ჰეგემონიის დაკარგვის შემდეგ ბიზანტიის იმპერიის დასაყრდენს დასავლეთ საქართველოში არსებული ბერძნული საეპისკოპოსოები წარმოადგენდა. სწორედ მათი გაუქმებით დაიწყო კონსტანტინოპოლის საეკლეიო ბატონობის აღმოფხვრა. გაუქმებულ იქნა ფოთის, გუდაყვის და სხვა ბერძნული კათედრები. მათ ნაცვლად აფხაზთა მეფეები ახალ ქართულ საეპისკოპოსოებს აარსებდნენ. აფხაზთა მეფის გიორგი II-ის დროს დაარსდა ჭყონდიდის საეპისკოპოსო, ლეონ III-ის დროს – მოქვის, ბაგრატ III-ის დროს ბედიის საეპისკოპოსო (გუდაყვის ბერძნული საეპისკოპოსოს ნაცვლად). ამ ახალ საეპისკოპოსოებში წირვა-ლოცვა მოსახლეობისათვის გასაგებ ქართულ ენაზე სრულდებოდა. IX საუკუნეში დასავლეთ საქართველო ეკლესიურად საბოლოოდ მცხეთის ტახტს დაექვემდებარა. „აფხაზთა სამეფოში“ სახელმწიფო მმართველობისა და მღვდელმსახურების ენა ქართული იყო. ამრიგად საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებას წინ მისი საეკლესიო გაერთიანება უსწრებდა.
დასავლეთ საქართველოს გაერთიანებამ, პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვებამ შექმნა საფუძველი სამეურნეო დაწინაურებისათვის, ვაჭრობის განვითარებისათვის. „აფხაზთა სამეფოში“ განვითარების მაღალ დონეს მიაღწია ქართულმა ფეოდალურმა კულტურამ, რასაც მოწმობენ ამ პერიოდის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: მარტვილის, ბედიის, მოქვის, ბიჭვინთის და სხვა ტაძრები. ქართული კულტურის კერებად იქცა ახალი ქართული საეპისკოპოსო კათედრები, იქ შეიქმნა ქართული ჰაგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებები. აფხაზთა მეფეების კარზე დაიწერა მნიშვნელოვანი ქართული ისტორიული დოკუმენტი, აფხაზეთის მეფეთა გენეალოგიური ნუსხა, „აფხაზთა მეფეთა დივანი“. დასავლეთ საქართველოს ქართულმა ქრისტიანულმა ეკლესიამ მნიშვნელოვანი ძალა მოიპოვა. X საუკუნის 20-იან წლებში აფხაზთა მეფე გიორგი II აქტიურად მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიაში ალანთა (ოსთა) შორის ქრისტიანობის გავრცელებასა და დამკვიდრებაში.
„აფხაზთა სამეფოს“ არსებობის პერიოდში გაფართოვდა ტერმინების „აფხაზისა“ და „აფხაზეთის“ მნიშვნელობა. საკუთრივ აფხაზსა და აფხაზეთთან ერთად„აფხაზი“ დასავლელ ქართველს, „აფხაზეთი“ კი დასავლეთ საქართველოს აღნიშნავდა. ამდენად „აფხაზთა სამეფო“ იყო ერთიანი დასავლურ-ქართული სახელმწიფო, ხოლო „აფხაზთა მეფე“, ამ სახელმწიფოს მეთაური. ქართული ქვეყნების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანების შემდეგ ტერმინების „აფხაზთა მეფე“ და „აფხაზთა სამეფო“ მნიშვნელობა კიდევ უფრო გაფართოვდა. რადგან საქართველოს ერთიანი მონარქიის მეფეთა ტიტულატურაში პირველ ადგილზე მათ მიერ ყველაზე ადრე მიღებული „აფხაზთა მეფის“ ტიტული იდგა, მათ ხშირად აფხაზთა მეფეებს უწოდებდნენ, ხოლო ერთიან საქართველოს „აფხაზთა სამეფოს“.
IX საუკუნის დასაწყისიდან „აფხაზთა სამეფო“ აქტიურად ჩაება დიდ ეროვნულ მოძრაობაში და პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც ქართულ სამეფო-სამთავროთა შორის მიმდინარეობდა და რომლის მიზანი ქართული ქვეყნების ერთ ეროვნულ სახელმწიფოდ, საქართველოს სამეფოდ გაერთიანება იყო.
აფხაზთა მეფეებს, როგორც ქართლის ერისმთავრების შთამომავლებს (ქალის ხაზით), თავისი ლეგიტიმური უფლებები ჰქონდათ ყველა ქართული ქვეყნის და საკუთრივ ქართლის მიმართ. „აფხაზთა სამეფო“ აქტიურად ჩაება შიდა ქართლისათვის ბრძოლაში. IX საუკუნის დასაწყისში აფხაზთა მეფე თეოდოს II აშოტ ბაგრატიონის მოკავშირე იყო და მასთან ერთად იბრძოდა კახთა ქორეპისკოპოსს გრიგოლს შიდა ქართლისათვის. მაგრამ IX საუკუნის II ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს მეფეები უკვე საკუთარი ხელისუფლების დამყარებისათვის იბრძვიან შიდა ქართლში. აფხაზთა მეფემ გიორგი I-მა (861-868 წწ.) დაიპყრო შიდა ქართლი და იქ თავისი ერისთავი დანიშნა. გიორგის გარდაცვალების შემდეგ ტახტისათვის ბრძოლამ დროებით დაასუსტა „აფხაზთა სამეფო“, მაგრამ შავლიანთა სახლის წარმომადგენლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ საერთო ქართულ საქმეებში.
ამ დროს შიდა ქართლისათვის ბრძოლას იწყებს სომეხთა მეფე აშოტ I ბაგრატუნი და IX საუკუნის 80-იანი წლებიდან ამიერკავკასიაში ჰეგემონობისათვის ერთმანეთს უპირისპირდებიან „აფხაზთა სამეფო“ და სომეხ ბაგრატუნთა სამეფო თავ-თავისი მოკავშირეებითურთ. ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. 888 წელს აფხაზთა მეფე ბაგრატ I-მა და მისმა მოკავშირე ნასრა ბაგრატიონმა (გუარამ მამფალის ძემ) მარცხი განიცადეს. ნასრა ბრძოლაში მოკლეს, მაგრამ შიდა ქართლი ვერც ერთმა მხარემ ვერ დაიკავა, მას ადგილობრივი ფეოდალები დაეპატრონენ. X საუკუნის დასაწყისში შიდა ქართლი აფხაზთა მეფე კონსტანტინე III-მ (კონსტანტიმ) დაიკავა, რომელსაც ცოტა ხნით დაპყრობილი ტერიტორია წაართვა სომეხთა მეფე სმბატ I-მა უფლისციხის ჩათვლით. კონსტანტინემ სმბატთან დაზავება ისურვა, საზავო მოლაპარაკების დროს ის შეიპყრეს და სმბატს მიჰგვარეს. შემდეგ კი უფლისციხე და ქართლი მთლიანად დაუბრუნა.
X საუკუნის 10-იან წლებში, როდესაც საქართველოში აზერბაიჯანის ამირა აბუ ლ-კასიმ აბუსაჯის ძე შემოიჭრა, აფხაზთა მეფემ ისევ დაკარგა შიდა ქართლი, რომელიც შემდეგ გიორგი II-მ დაიბრუნა და იქ ერისთავად უფროსი შვილი კონსტანტინე დააყენა. ქართლის აზნაურთა რჩევით, კონსტანტინე განუდგა მამას (923 წ.), მაგრამ გიორგიმ დაამარცხა მეამბოხე შვილი და მის მაგიერ ქართლის ერისთავად ლეონი, შემდგომში მეფე ლეონ III (957-967 წწ.) დააყენა.
ლეონ III-ის დროს „აფხაზთა სამეფომ“ დაიწყო ბრძოლა შიდა ქართლის იმ ნაწილისათვის (მდ. ქსნიდან არაგვამდე), რომელიც კახთა ქორეპისკოპოსებმა IX საუკუნის დასაწყისში მიიტაცეს. შეიძლება ამის საკომპენსაციოდ ქორეპისკოპოსმა კვირიკე II-მ კონსტანტინეს ჰერეთს ლაშქრობა შესთავაზა, რის შედეგადაც აფხაზთა მეფის ხელში გადავიდა ალაზნის გასწვრივ დიდ სავაჭრო გზაზე მდებარე არიშისა და გავაზის ციხეები.
X საუკუნის 60-იან წლებში აფხაზთა მეფეები ჯავახეთშიც ფლობდნენ. ჯავახეთზე გადიოდა საქართველოს თითქმის ყველა მხარის დამაკავშირებელი გზები. მათ ფლობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აფხაზთა მეფეებისათვის, რომლებიც საქართველოს გაერთიანებას ისახავდნენ მიზნად.
საქართველოს გაერთიანებისათვის გაჩარებულ დიდ ეროვნულ ბრძოლაში დასავლეთ საქართველოს მეფეთა ჰეგემონობა აშკარად ისახებოდა. მართალია, ბრძოლა დაძაბული იყო, თუმცა შიდა ქართლს ძირითადად აფხაზთა მეფეების ერისთავები განაგებდნენ. საბოლოოდ შინაფეოდალურმა აშლილობამ, ბრძოლამ ტახტის მოსურნეებს შორის თავის შედეგი გამოიღო. „აფხაზთა სამეფო“ დასუსტდა და ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნისათვის ბრძოლის მნიშვნელოვან ეტაპზე აფხაზთა მეფეებმა ჰეგემონობა დაკარგეს.
975 წელს „აფხაზთა სამეფოს“ უკანასკნელი მეფის, ძმებთან ტახტისათვის ბრძოლაში თვალებდათხრილი თეოდოს III-ის დისშვილი, მამის ხაზით ქართველთა სამეფოს სახლის მემკვიდრე ბაგრატ ბაგრატიონი შიდა ქართლის გამგებლად, ხოლო 978 წელს აფხაზეთის მეფედ აკურთხეს. მართალია ამ აქციის იდეური სულისჩამდგმელი ქართლის ერისთავი იოანე მარუშისძე იყო, მაგრამ რეალურად ეს დიდი ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიება დავით III დიდი ბაგრატიონის პოლიტიკური ავტორიტეტისა და სამხედრო ძალის მეშვეობით განხორციელდა. სათავე დაედო ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს შექმნას და მისი პირველი მეფე ბაგრატ ბაგრატიონი გახდა.