გოტფრიდ ლაიბნიცი
გერმანელი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მექანიკოსი, ფიზიკოსი, იურისტი, ისტორიკოსი, დიპლომ / From Wikipedia, the free encyclopedia
გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი (გერმ. Gottfried Wilhelm Leibniz; დ. 1 ივლისი, 1646, ლაიფციგი — გ. 14 ნოემბერი 1716, ჰანოვერი) — გერმანელი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მექანიკოსი, ფიზიკოსი, იურისტი, ისტორიკოსი, დიპლომატი, გამომგონებელი და ლინგვისტი.[33][34][35] პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი,[34][36][37] საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი.[38]
მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევები:
- ლაიბნიცმა, ნიუტონისგან დამოუკიდებლად, შექმნა მათემატიკური ანალიზი — უსასრულო პატარა სიდიდეზე დაფუძნებული დიფერენციალური და ინტეგრალური გამოთვლა.[38]
- ლაიბნიცმა შექმნა კომბინატორიკა, როგორც მეცნიერება.[39]
- საფუძველი ჩაუყარა მათემატიკურ ლოგიკას.[33][35]
- აღწერა თვლის ორობითი სისტემა, რომელზეც დაფუძნებულია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკა.[40]
- მექანიკაში შემოიტანა „ცოცხალი ძალის“ ცნება (კინეტიკური ენერგიიის თანამედროვე გაგების პირველსახე) და ჩამოაყალიბა ენერგიის შენახვის კანონი.[33]
- ფსიქოლოგიაში წამოაყენა იდეები „მცირე პერცეპციების“ არაცნობიერი გაგების შესახებ და განავითარა სწავლება არაცნობიერ ფსიქიკურ ცხოვრებაზე.[33]
გოტფრიდ ლაიბნიცი ითვლება XVII საუკუნის ფილოსოფიის დამსრულებლადა და გერმანული იდეალიზმის წინამორბედად. შექმნა ფილოსოფიური სისტემა, რომელიც მონადოლოგიის სახელითაა ცნობილი.[41] განავითარა სწავლება ანალიზისა და სინთეზის შესახებ,[33][42] პირველმა ჩამოაყალიბა საკმარისი საფუძვლის პრინციპი (რომელსაც მიკუთვნებული აქვს არა მხოლოდ ლოგიკური, არამედ ონტოლოგიური მნიშვნელობაც: ... არასაკმარისი საფუძვლის გარეშე, არცერთი მოვლენა არ შეიძლება აღმოჩნდეს ჭეშმარიტი ან ნამდვილი, არცერთი მტკიცებულება - სამართლიანი)[41][43] ასევე ითვლება იგივეობის კანონის თანამედროვე ფორმულირების ავტორად.[33][35][42] შემოიტანა ტერმინი „მოდელი“, წერდა ადამიანური ტვინის ფუნქციის სამანქანო მოდელირების შესაძლებლობების შესახებ.[44] ლაიბნიცმა გამოთქვა იდეა ერთი სახის ენერგიის სხვა სახით გარდაქმნის შესახებ,[33] ჩამოაყალიბა ფიზიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვარიაციული პრინციპი — უმცირესი ქმედების პრინციპი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფიზიკის სპეციალური დარგების განვითარებაში.[33][35]
პირველი იყო, რომელმაც გერმანულ ისტორიოგრაფიაში ყურადღება გაამახვილა ლინგვისტური პრობლემების გენეალოგიასთან ურთიერთკავშირზე,[45] შექმნა ენების ისტორიული წარმოშობის თეორია და მიანიჭა მათ გენეალოგიური კლასიფიკაცია, ითვლება გერმანული ფილოსოფიური და სამეცნიერო ლექსიკონის ერთ-ერთ შემქმნელად.[33][35]