ედგარ ალან პო
From Wikipedia, the free encyclopedia
ედგარ ალან პო (ინგლ. Edgar Allan Poe; დ. 19 იანვარი, 1809, ბოსტონი — გ. 7 ოქტომბერი, 1849, ბალტიმორი) — ამერიკელი პოეტი, ნოველისტი, რედაქტორი, კრიტიკოსი და ამერიკული რომანტიზმის ლიდერი, განთქმული მისი საშინელებათა ისტორიებით. პო ერთ-ერთი პირველი ამერიკელი ნოველისტია. ასევე მიიჩნევა დეტექტიური და კრიმინალური ჟანრის ფუძემდებლად. მისმა ზოგიერთმა ნამუშევარმა ხელი შეუწყო სამეცნიერო ფანტასტიკის ფორმირებასა და განვითარებას[28]. იგი იყო პირველი ამერიკელი მწერალი, რომელიც ცდილობდა მხოლოდ მწერლობით ერჩინა თავი, რის გამოც ფინანსურად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.[29]
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
პო დაიბადა ქალაქ ბოსტონში. 1810 წელს მამამისმა ოჯახი მიატოვა, ხოლო მომდევნო წელს დედა გარდაეცვალა. ჯონ და ფრენცის ალანებმა აიყვანეს პო ვირჯინიის ქალაქ რიჩმონდიდან, თუმცა შვილად აყვანის საკითხი ოფიციალურობამდე არასოდეს მისულა. ედგარ ალან პომ განათლების მისაღებად ვირჯინიის უნივერსიტეტში ჩააბარა, მაგრამ უსახსრობის გამო სწავლაზე ხელი პირველივე სემესტრში აიღო. პომ გადაწყვიტა, რომ ნებაყოფლობით წასულიყო ჯარში, სადაც მისი კურსანტობა წარუმატებლად დასრულდა უესტ ფოინთში, ამის შემდეგ მასსა და ალანებს შორის არსებული კავშირი სამუდამოდ დაირღვა. პომ საკმაოდ მოკრძალებულად დაიწყო ნაშრომების გამოქვეყნება, პირველ სვლას წარმოადგენდა ანონიმური პოემების მცირე კრებული — „თემურ-ლენგი და სხვა პოემები“ (1827), რაც ქვეყნდებოდა „ბოსტონელის“ ფსევდონიმით.
შემდგომ გადაერთო პროზაზე და რამდენიმე წელი იმუშავა ჟურნალებსა და პერიოდიკაზე. ცნობილი გახდა ლიტერატურული კრიტიკის საკუთარი სტილით. სამუშაომ აიძულა, რამდენიმე ქალაქში ემოძრავა, მათ შორის ბალტიმორსა და ნიუ იორკში. ბალტიმორში 1835 წელს დაქორწინდა საკუთარ 13 წლის ბიძაშვილზე ვირჯინია კლემზე. 1845 წლის იანვარში გამოაქვეყნა პოემა „ყორანი“, რამაც მალევე მოიპოვა წარმატება. ორი წლის შემდეგ ტუბერკულოზით გარდაიცვალა მისი მეუღლე. პო გეგმავდა საკუთარი ჟურნალის „The Penn“ გამოშვებას (გადაერქვა „The Stylus“), თუმცა მის გამოშვებამდე გარდაიცვალა, 1849 წლის 7 ოქტომბერს, 40 წლის ასაკში, ქალაქ ბალტიმორში. მიზეზი უცნობია და მიეწერება სხვადასხვა პრობლემებს: ალკოჰოლს, ტვინში სისხლჩაქცევას, ქოლერას, სხვადასხვა წამლებს, გულის ავადმყოფობას, ცოფს, თვითმკვლელობას, ტუბერკულოზს.[30].
პომ თავისი ნაშრომებით დიდი გავლენა იქონია, როგორც ზოგადად ლიტერატურაზე აშშ–სა და მსოფლიოში, ისე სპეციალიზებულ სფეროებში, როგორიცაა კოსმოლოგია და კრიპტოგრაფია. პო და მისი ნამუშევრები მოგვიანებით ფართოდ გამოჩნდნენ მთელს პოპ-კულტურაში: ლიტერატურაში, მუსიკაში, ფილმებსა და ტელევიზიაში. მისი რამდენიმე სახლი დღეს უკვე სახლ-მუზეუმადაა ქცეული.