საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევის დეპუტატები
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს მესამე მოწვევის პარლამენტი — საქართველოს პარლამენტი, რომელიც შეიკრიბა 1992 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. 1991-1992 წლების პუტჩის შემდეგ დე ფაქტო მმართველმა ორგანომ, საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭომ დაითხოვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და არა უგვიანეს იმავე წლის შემოდგომისა დანიშნა ახალი არჩევნები.
შედეგები ასე გადანაწილდა[1]:
- ბლოკი „მშვიდობა“ — 35 (აქედან 29 პარტიული სიით) — მასში გაერთიანებულნი იყვნენ დე-ფაქტო მმართველის, ედუარდ შევარდნაძის მომხრეები
- 11 ოქტომბრის ბლოკი — 18 — წარმოადგენდა ახალგაზრდა რეფორმატორი პოლიტიკოსების გაერთიანებას
- ბლოკი ერთობა — 14 — ყოფილი პოლიტიკური და კულტურული ელიტის წარმომადგენლები, რომლებიც უპირისპირდებოდნენ ჩამოგდებულ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას.
- ეროვნულ-დემოკრატიული პარტია — 12 — ახალგაზრდა პოლიტიკოსების დაკომპლექტებული ოპოზიციური პარტია, რომელიც თანამშრომლობდა ედუარდ შევარდნაძესთან
- მწვანეთა პარტია — 11
- დემოკრატიული პარტია — 10
- ქარტია -91 — 9 — მასში გაერთიანებულნი იყვნენ გამსახურდიას მომხრეები
- საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი — 7 — მასში გაერთიანებულნი იყვნენ გამსახურდიას მომხრეები
- სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება — 7
- საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოება — 7
- ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია — 4
- საქართველოს მშრომელთა სოციალისტური პარტია — 4
- საქართველოს რეფორმატორთა კავშირი - ეროვნული თანხმობა — 4
- დანარჩენი პარტიები — 16
მესამე მოწვევის პარლამენტში არჩეული იყო სამეცნიერო ინტელიგენციის (ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ეკონომისტები) 72 წარმომადგენელი, 60 ინჟინერი, ხოლო 22 დეპუტატი იყო კულტურული ინტელიგენციის (კინორეჟისორები, მწერლები) წარმომადგენელი. 1 დეპუტატს ჰქონდა არასრული საშუალო განათლება. პარლამენტში 7 წარმომადგენელი ჰყავდათ ეროვნულ უმცირესობებს 2 აფხაზი (მათგან ერთი თბილისის დიდი ხნის მკვიდრი), 2 სომეხი, 2 ებრაელი და 1 ბერძენი. ქალებმა მიიღეს 12 მანდატი.
ახლადარჩეულმა პარლამენტმა პარლამენტის თავმჯდომარის და ამავდროულად, სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე აირჩია ედუარდ შევარდნაძე. პარლამენტის წევრები გადანაწილდნენ 11 ფრაქციაში.