კარპატები
From Wikipedia, the free encyclopedia
კარპატები (გერმ. Karpaten; ჩეხ. Karpaty; პოლ. Karpaty; სლოვაკ. Karpaty; უნგრ. Kárpátok; უკრ. Карпати; რუმ. Carpaţi; სერბ. Karpati) — მთათა სისტემა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ვრცელდება ავსტრიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, პოლონეთის, უკრაინის, რუმინეთისა და სერბეთის ტერიტორიებზე. გადაჭიმულია დაახლოებით 1500 კილომეტრზე, სიგანე ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 250 კილომეტრი, ცენტრალურ, ყველაზე შევიწროებულ ნაწილში — დაახლოებით 120 კილომეტრი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — 430 კილომეტრამდე.[1]
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „კარპატები“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. კარპატები ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
კარპატები | |
---|---|
კარპატები, ეგრეთ წოდებული „ბუჩეჯის სფინქსი“ | |
კოორდინატები: 47°00′ ჩ. გ. 25°30′ ა. გ. | |
ქვეყანა | ავსტრია ჩეხეთი სლოვაკეთი უნგრეთი პოლონეთი უკრაინა რუმინეთი სერბეთი |
უმაღლესი წერტილი | გერლახოვსკი-შტიტი |
სიმაღლე | 2654,4 მ |
ფართობი | 190 კმ² |
სიგრძე | 1500 კმ |
სიგანე | 430 კმ |
ლანდშაფტი | ტყე-სტეპი მდელო და სხვა |
ამგებელი ქანები | ცარცულ-პალეოგენური ფლიში და სხვა |
კარპატების მთების რკალი ალპების აღმოსავლეთ გაგრძელებას წარმოადგენს და ვენის აუზის ზემო მესამეული ტექტონიკური ქვაბულითაა დაშორებული მისგან, ამ აუზის განაპირა ქედი — ლაითის მთები, დუნაიმდე აღწევს და მდინარის მეორე მხარეზე მცირე კარპატების ქედში გრძელდება. ამ ადგილას დუნაის ხეობა შევიწროებულია, ხოლო ნაპირები — ამაღლებული; აქ მდებარეობს სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა. ამრიგად, ალპებსა და კარპატებს შორის არსებობს უშუალო ოროგრაფიული ზღუდარი. შუა ევროპის ორ უმნიშვნელოვანეს მთათა სისტემას შორის უფრო მჭიდრო კავშირი მათ ტექტონიკურ აგებულებაში მჟღავნდება — შარიაჟული საფარები გრანდიოზულადაა დაზვინული და მესამეული დანაოჭებაც მძლავრად არის გამოვლინებული, თუმცა ტექტონიკა მთელი რიგი არსებითი ნიშნებით განსხვავდება ალპებისაგან; კიდევ უფრო მნიშვნელოვანია განსხვავებანი ამ მთების გეომორფოლოგიაში.[2]
კარპატების რკალი თავისი ჩრდილო-დასავლეთი კიდით, თითქოს, ბოჰემიის მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეს ებჯინება. აქედან მთები წარმოშობენ შვერილს ჩრდილოეთისაკენ, თანდათან იღუნებიან და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გადადიან სამხრეთ-აღმოსავლეთისაში, შემდეგ მძლავრი ქედის სახით მიიმართებიან ძველი აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის სამხრეთ-დასავლეთ კიდის გასწვრივ. კარპატები ამ მანძილზე ქმნიან თავის მთავარ რკალს, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთისკენაა გამოზნექილი. სამხრეთ ნაწილში კარპატები მკვეთრად იხრებიან სამხრეთ-დასავლეთისაკენ; აქ თითქოს წარმოიშობა დამოუკიდებელი რკალი, რომელიც ჩრდილოეთიდან ფარგლავს ქვემო დუნაის ვაკეს. კარპატები ხელახლა უახლოვდება დუნაის, რომელიც კვეთს მას რკინის ჭიშკრის ხეობაში. დუნაის სამხრეთით მდებარე მთების რკალის გაგრძელება უკვე ბალკანეთის მთების სისტემაში შედის.[2]
კარპატების რკალის სიგრძე 1500 კმ-ს აღემატება; სიგრძით ის თითქმის ალპების ზომისაა, თუმცა კარპატები ალპებზე გაცილებით უფრო მცირე სიმაღლისა და სიგანისაა, მისი მთიანეთის საერთო სიმძლავრეც ნაკლებია. ვერტიკალური და ტექტონიკური ზონები ალპებში განუწყვეტელია მთების მთელ მანძილზე, კარპატებში კი არ არის მთიანი სისტემის ასეთი მთლიანობა. მთების სარტყელი ზოგან ძლიერ დაბლდება, ვიწროვდება და, გარდა ამისა, იყოფა ცალკეულ ნაწილებად და მასივებად, რომლებიც დაშორებული არიან ერთმანეთისაგან მთებში ღრმად ჩაჭრილი ვარდნობებითა და ქვაბულებით. ყველაზე დიდ სიმაღლეს და სიგანეს კარპატები აღწევს თავის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, იქ სადაც მაღალი ტატრები მდებარეობს, რომელიც მოქცეულია სლოვაკეთისა და პოლონეთის ტერიტორიაზე. მაღალი ტატრების მასივის უმაღლესი მწვერვალი გერლახოვსკი-შტიტი — 2,654.4 მ აღწევს.[3]
კარპატები კულისისებრ განლაგებული, გასწვრივი და განივი ხეობებით დანაწევრებული მთის მასივებისა და ქედების რთული სისტემაა. მთათა რკალი 3 ნაწილად იყოფა: დასავლეთი კარპატები, აღმოსავლეთი კარპატები და სამხრეთი კარპატები. კარპატებში შედის აგრეთვე დასავლეთ რუმინეთის მთები და ტრანსილვანიის ვრცელი პლატო.[4]
კარპატებისთვის დამახასიათებელია აგრეთვე კარსტული რელიეფი. კლდოვანი რელიეფი და კარსტი ნიშანდობლივია დასავლეთ რუმინეთის მთებისთვისაც. კარპატების რკალის გარე კიდის გასწვრივ ვრცელდება მთისწინეთის ზოლი, რომლის სიგანეა 40-60 კილომეტრი. აგებულია იგი უმეტესწილად ნეოგენური ფხვიერი დანალექებით, როგორებიცაა ქვიშაქვა, თიხა, თაბაშირი და სხვა.[5]
კარპატების ფარგლებში ან მიდამოებში მდებარე მნიშვნელოვანი ქალაქებიდან აღსანიშნავია: ბრატისლავა, კოშიცე (სლოვაკეთი), კრაკოვი (პოლონეთი), კლუჟ-ნაპოკა, სიბიუ, ბრაშოვი (რუმინეთი), მიშკოლცი (უნგრეთი).[6][7][8][9][10]